პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის რევაზ არველაძის განცხადებით, ხელისუფლებამ ინვესტორებთან ერთად მოსახლეობას კარგად უნდა აუხსნას, რა სარგებელი, ან ზიანი მოაქვს ჰესების მშენებლობას.
როგორც ენერგეტიკოსი დეპუტატი BM.GE-სთან „ხადორი 3“ ჰესის მშენებლობის შესაჩერებლად, პანკისში განვითარებული მოვლენების შეფასებისას აცხადებს, ნებისმიერი ობიექტი, რომელიც უნდა ააშენო, გარკვეულ უარყოფით ზეგავლენას ახდენს გარემოზე.
„რაც დიდია ობიექტი, მეტ გავლენას ახდენს, მაგრამ აქ უნდა ავწონ-დავწონოთ, რა ზიანი მიაყენა გარემოს და რა დადებითი მოიტანა, მით უმეტეს, თუ ამ ზიანის მაკომპენსირებელ ღონისძიენებს ატარებს. თუ არ გაჭრის ეს ამბავი, ხომ არ დაიწყებ სროლას მოსახლეობის წინააღმდეგ?! არის შესაძლებლობა, რომ ავაშენოთ თბოელექტროსადგურები, ძირითადად საკვანძო, საყრდენი ქვესადგურების - ქსანისა და ზესტაფონის ქვესადგურების გვერდზე, მაგრამ ეს სიმძლავრეები არ ეყოფა, თუმცა კიდეც რომ ავაშენოთ, მაინც იმპორტირებულ გაზზე უნდა ვიყოთ და არა საკუთარ რესურსებზე“, - აღნიშნა რევაზ არველაძემ.
რაც შეეხება სხვა ალტერნატიული რესურსების განვითარებას, დეპუტატი განმარტავს, რომ ქარისა და მზის სადგურების მშენებლობა ელექტროენერგიაზე მზარდ მოთხოვნას ვერ უპასუხებს.
„რა თქმა უნდა, იმ დოზით, რამდენითაც შესაძლებელია, შეიძლება ავამოქმედოთ ქარისა და მზის ელექტროსადგურები. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს გლობალურად პრობლემას გადაწყვტს, მას არ ესმის, რა არის ენერგეტიკა და ბოლოს ალბათ იქამდე მივალთ, რომ ატომური ელექტროსადგური დაგვჭირდება, თუ რა თქმა უნდა, ეკონომიკა განვითარდა იმ ტემპებით, რაც განვითარებული ევროპული ქვეყნების რიგში ჩასადგომად არის საჭირო. ამ შემთხვევაში, ცხადია, მას დასჭირდება ძალიან დიდი რაოდენობით ელექტროენერგია“, - განაცხადა არველაძემ.
აქვე არველაძე იმ გავლენებზე საუბრობს, რაც ატომური ელექტროსადგურის მუშაობას ეკოლოგიასა და ეკონომიკაზე აქვს.
„ატომური ელექტროსადგურების მშენებლობა ერთი პერიოდი სერიოზულად შეჩერდა, თუმცა იმ მიმართულებით, რომ ის უსაფრთხო გამხდარიყო, ძალიან სერიოზულად მუშაობდნენ მოწინავე ქვეყნები, ასე რომ ახალი თაობის - „სამი პლიუსი“ თაობის რეაქტორები ძალიან უსაფრთხოა.
ფუკუშიმას ტრაგედიამაც დაადასტურა ის ამბავი, რომ მიწისძვრამ ვერაფერი უქნა სადგურს და ცუნამმა რომ გადაუარა, ის იყო მისი ძირითადი დამაზიანებელი.
რაც შეეხება გარემოზე ზემოქმედებას, ეს არის ყველაზე უსაფრთხო ამ თვალსაზრისით. საცხოვრებელი სახლებში, სადაც გაზი იწვის, შიგნით წვის პროცესი როცა არის, მას ბევრად უფრო მეტი რადიაციული გამოსხივება აქვს, ვიდრე ატომურ ელექტროსადგურს. თუ რაღაც არ მოხდა, ღმერთმა დაიფაროს, ასეთი ეკოლოგურად უსაფრთხო, არცერთი ობიექტი არ არის“, - აღნიშნა რევაზ არველაძემ.
მისივე ინფორმაციით, ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა, ერთი კილოვატი დადგმული სიმძლავრის მისაღებად, 4000 აშშ დოლარს აღწევს, რაც სხვა ელექტროსადგურებთან შედარებით ძვირია.
„თუმცა ურანის ღირებულებიდან გამომდინარე, მასზე გამომუშავებული ელექტროენერგიის თვითღირებულება უფრო იაფია, ვიდრე თბოსადგურებზე“, - განმარტა რევაზ არველაძემ.

























