საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ენერგეტიკოსი რევაზ არველაძე საქართველოში ელექტროსადგურების მშენებლობის დაბალ ტემპებსა და მის გამომწვევ ძირითად მიზეზებზე საუბრობს.
"არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ საქართველოში ელექტროსადგურების მშენებლობის ტემპი ძალიან დავარდა. ჩვენი ძირითადი რესურსი ჰიდროენერგეტიკული რესურსებია, მაგრამ სამწუხაროდ, უკვე ნებისმიერი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას წინ აღუდგება ხოლმე მოსახლეობა, სხვათაშორის, ძალიან ხშირად, გამოგონებული მიზეზების გამო.
ალბათ, ბოლოს და ბოლოს ჩვენი მოსახლეობა გაიგებს, რომ ელექტროენერგიის გარეშე ქვეყანა არ არსებობს. ეს არის დარგი, რომლის პარალიზება მთელ ქვეყანას უკეთებს პარალიზებას.
სვანები რომ დაუდგებიან წინ (ჰესების მშენებლობას), ენგური იქ ჩამოდის, სხვაგან არ არის. გინდაც რიონი ავიღოთ. სამი მდინარე გვაქვს ძირითადი, თავისი შენაკადებით – ენგური, რიონი და მტკვარი. დავითგარეჯში ხომ ვერ მოვთხოვთ ვინმეს, რომ ჰიდროელექტროსადგური ააშენოს. სადაც წყალია, იქ უნდა აშენდეს და მათ მშენებლობას დიდი სიკეთე მოაქვს სწორედ იმ რაიონებისთვის", – განაცხადა არველაძემ და მაგალითად "ნენსკრა ჰესის" პროექტი მოიყვანა.
"როდესაც აშენდება, სულ მინიმუმ 5 მილიონი აშშ დოლარის ქონების გადასახადს შეიტანს ადგილზე, მესტიაში. აბა, როდესმე ჰქონია ამ მუნიციპალიტეტს ამხელა შემოსავალი?", – აღნიშნა მან.
ცნობისთვის: საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ მომზადებულ ქსელის განვითარების ათწლიან გეგმაში მოცემულია ყველა იმ პერსპექტიული ელექტროსადგურის ნუსხა, რომელიც სხვადასხვა პერიოდში შესაძლოა, ქსელს მიუერთდეს ანუ ექსპლოატაციაში შევიდეს.
მათგან BM.GE-მ ის ობიექტები გამოყო, რომელიც ან გასულ წელს უნდა ამუშავებულიყო ან - მიმდინარე წელს. ამ პერიოდში გადავადებული ობიექტების ჩამონათვალშია: ხელრა, იფარი, მტკვარი, ნაკრა, ქვედი, ზეკარი, ანდეზიტი, ასევე საშუალა ჰესი ერთი და ორი.
ამ პროექტების ნაწილი რამდენიმე თვით, ნაწილი კი, რამდენიმე წლით გადავადდა. მათგან საერთო ჯამში, წლიურად, საქართველო 392 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგიის მიღებას ელოდა.

























