ენერგეტიკოსი დეპუტატის რევაზ არველაძის აზრით, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის ბაზრების ლიბერალიზაცია საქართველოში კარგ შედეგებს იმ შემთხვევაში მოიტანს, თუ ბაზარი არის პროფიციტული და არა – დეფიციტური.
"გაზისა და ელექტროენერგიის სექტორებში ლიბერალიზაციის პროცესი უკვე დაწყებულია. მაგალითად, გაზში კომერციულ სექტორს ტარიფებს გამანაწილებელი კომპანია უდგენს და არა - მარეგულირებელი კომისია, რაც მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად გაუმართლებელია დღევანდელ პირობებში, ისევე როგორც ელექტროენერგეტიკის სექტორში.
დეფიციტურ ბაზარზე მომხმარებელთა გარკვეული რაოდენობა შეიძლება დაიჩაგროს, ვინც ვერ მოასწრო მომწოდებლის პოვნა დროულად.
რაღაც დაცვის მექანიზმები, რა თქმა უნდა, კანონში ჩადებულია, თუმცა როცა მკვეთრად დეფიციტური ხარ, განსაკუთრებით, ზამთრის პირობებში და არანაირი რეზერვი სისტემას არ გააჩნია, თავისთავად ცხადია, ის მექანიზმები თეორიულად კარგია, მაგრამ პრაქტიკულად ვერ შეძლებს ისე იმოქმედოს, როგორც საჭიროა", - განუცხადა BM.GE-ის რევაზ არველაძემ.
შეგახსენებთ, რომ ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის ლიბერალიზაციისთვის პარლამენტში საგაზაფხულო სესიაზე ახალი კანონპროექტების წარდგენა იგეგმება.

























