საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე შვიდი სარატიფიკაციო ხელშეკრულება წარადგინა, რომლებიც 2011 წელს ერთი ჩარჩო ხელშეკრულების ფარგლებშია გაფორმებული აზიის განვითარების ბანკთან და საქართველოსთვის სხვადასხვა ინფრასტრუქტურული და საკომუნიკაციო პროექტების დასაფინანსებლად, 500 მილიონი დოლარის ოდენობით სასესხო რესურსის გამოყოფას ითვალისწინებს.
როგორც კაკაურიძემ აღნიშნა, აღნიშნული თანხა უნდა მიმართულიყო თავდაპირველად 7 ტურისტულ ცენტრსა და სხვა ურბანულ დასახლებებში წყლის სისტემებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის, თუმცა წლების განმავლობაში ამ პროექტების განხორციელებისას 22 მილიონი დოლარის ოდენობით ეკონომია წარმოიქმნა, რომელიც შემდეგ ისევ დამატებითი პროექტების განსახორციელებლად მიიმართა და პროექტების ჩამონათვალს რამდენიმე დასახლებული პუნქტი დაემატა.
იქიდან გამომდინარე, რომ ხელშეკრულებით სესხის დახურვის ვადა მიმდინარე წელს მთავრდება, კაკაურიძემ პარლამენტის თანხმობით ვადის 2021 წლის 29 მარტამდე გადაწევა მოითხოვა, რათა ამ ეკონომიის გამოყენება და პროექტების სრულად განხორციელება შესაძლებელი გახდეს.
მართალია, კომიტეტმა ამ წინადადებას მხარი დაუჭირა, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რევაზ არველაძემ შენიშვნის სახით იკითხა, რატომ ხდება მუდმივად პროექტების ვადების გაგრძელება.
„სამი წელია ჩვენ აქ ვართ და სულ მუდმივად შემოდის სარატიფიკაციო პროექტების ვადის გაგრძელებაზე ლაპარაკი. ალბათ, რაღაცნაირად თავად კომიტეტიც უნდა და ისეთი ორგანოებიც უნდა ჩაერთონ ამ ამბავში, ვინც არიან უფლებამოსილები, რომ ეს ყველაფერი კარგად შეამოწმონ“, - განაცხადა არველძემ.
ამ შენიშვნის საპასუხოდ, კაკაურიძემ განმარტა, რომ სესხის ფარგლებში დაგეგმილი პროექტების განხორციელებისას ეკონომიები წარმოიქმნა.
„500 მილიონი დოლარი იყო ჩარჩო თანხა გამოყოფილი, რომელიც პოტენციურად შეიძლებოდა შვიდ ქალაქზე დახარჯულიყო; როდესაც პირველი რატიფიცირება მოხდა, არც ქალაქები იყო განსაზღვრული, არცერთი ქალაქის საპროექტო დოკუმენტაცია არ იყო. სანამ საპროექტო დოკუმენტაცია არ იქნებოდა, შეუძლებელი იყო იმის თქმა, რა დაჯდებოდა ესა თუ ის პროექტი. საბოლოოდ, სარგებელი მივიღეთ, რომ იმ 500 მილიონი დოლარის ფარგლებში, იმ შვიდი ქალაქის ნაცვლად, რომელიც თავდაპირველად იყო განსაზღვრული, მას დამატებით კიდევ შვიდი ქალაქი დაემატა და მე მგონი, ეს ძალიან კარგია“, - აღნიშნა კაკაურიძემ.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის ამ განმარტების მოსმენის შემდეგ, არველაძემ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის ვადების არაერთხელ გადაწევა გაიხსენა.
„არ არის აბსოლუტურად არანაირი კონტროლი. გახსოვთ, როგორ გვპირდებოდა ნოდარ ჯავახიშვილი, რომ უკვე დამთავრებული უნდა იყოს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზა... მერე გადავიდა 2020 წელს, 2021-ში, 2022-ში... ახლა მე მგონი, 2030-შიც არ დამთავრდება, ისე მიდის საქმე“, - განაცხადა რევაზ არველაძემ.
შეგახსენებთ, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის რამდენიმე მონაკვეთის მშენებლობის ვადებმა გადაიწია და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბოლო ინფორმაციის თანახმად, სამუშაოები 2022 წელს დასრულდება.

























