საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე 2019 წელს პენსიონერებისთვის იმაზე მეტი თანხის გათვალისწინებას ითხოვს, ვიდრე ეს ბიუჯეტშია მოცემული.
როგორც არველაძემ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე განაცხადა, პენსიონერებს ჯანმრთელობის პრობლემების დასაფარად პენსიის 20 ლარით ზრდა, საკმარისი არ არის.
„უნდა ვიფიქროთ იმ ხალხზე, რომლებსაც ეს ძალიან სჭირდება. ყველა პენსიონერს სჭირდება ეს. პრაქტიკულად ყველა ავად არის“, – განაცხადა არველაძემ და დასძინა, რომ მას 50 ლარით სურდა პენსიის ზრდა, მაგრამ როგორც თავად აღნიშნა, მიმდინარე წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ანალიზის მიხედვით, პენსიის ამ თანხით ზრდა ვერ მოხერხდება, თუმცა საჭიროა, მთავრობამ მომავალ წელს საპენსიო ბიუჯეტში ის თანხა გაითვალისწინოს, რაც პენსიის 20 ლარზე მეტად ზრდას უზრუნველყოფს.

























