მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რევაზ სოხაძე რაჭაში ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო - რა კეთდება რეგიონში?

2332
11.07.25 17:24
424

ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანახმად, მინისტრი რევაზ სოხაძე, პარლამენტის წევრ გოჩა ენუქიძესთან, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ პაპუნა მარგველიძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, რაჭაში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ასევე ინფრასტრუქტურის განვითარების საჭიროებებსა და შესაძლებლობებს გაეცნო.

უწყების ცნობით, მან შემდეგი პროექტები მოინახულა:

ონის მუნიციპალიტეტში, უზუნთა-საჩხერე-შქმერი-ონის საავტომობილო გზის შქმერი-ბოყვის მონაკვეთზე, მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებულია პროექტი, რომელიც პანორამული გადასახედის მოწყობას ითვალისწინებს. მინისტრმა საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად პროექტის პოტენციური ლოკაცია დაათვალიერა და დეტალებს გაეცნო. ამ ეტაპზე, პროექტის განხორციელების შესაძლებლობები საავტომობილო გზების დეპარტამენტმა უნდა განიხილოს.

ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის 107-ე კმ-ზე დაზიანებული მონაკვეთის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის პირველ და მეორე ეტაპზე ჯამში მოეწყო 474 მეტრი დამცავი კედელი, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს გზის მდგრადობას. გარდა ამისა, მესამე ეტაპის ფარგლებში მიმდინარეობს ქუთაისი-ალპანა-მამისონისა და საჩხერე-ონის დამაკავშირებელი გზების მიერთების გაუმჯობესების სამუშაოები სოფელ ზუდალთან. პროექტის შესაბამისად შენდება ახალი ორმალიანი, 76.2 მეტრი სიგრძის ხიდი მდინარე რიონზე და ხიდთან მისასვლელი გზები. ახალი ხიდი დააკავშირებს საჩხერე-ონის 51 კმ-იან გზას ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზასთან, რაც გააუმჯობესებს სატრანსპორტო გადაადგილების პირობებს. მშენებლობა ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მისი ღირებულება 1.3 მილიონ ლარს შეადგენს.

ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე, სოფელ გლოლასთან, მდინარე ჭანჭახზე არსებული ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამშენებლო მოედნის მოწესრიგების სამუშაოები. ხიდი, რომელიც გასული საუკუნის 80-იან წლებში აშენდა, მნიშვნელოვნად დაზიანდა შოვის სტიქიური მოვლენების დროს. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში, დროებითი გადაადგილების უზრუნველსაყოფად, დამონტაჟდა დროებითი სახიდე გადასასვლელი, რომელიც ამჟამად განახლებულმა ხიდმა შეცვალა. მოეწყო ახალი ბურჯები, რეაბილიტირდა მოაჯირები და ხიდის სავალი ნაწილი, მიერთებები და ხიდთან მისასვლელი გზები.

მინისტრი შოვში ე.წ. „რკინის წყლის“ მიმდებარედ მემორიალის სამშენებლო პროცესს გაეცნო. მემორიალი 2023 წლის 3 აგვისტოს სტიქიური უბედურების დროს დაღუპულთა ხსოვნის საპატივცემულოდ შენდება. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტით ფინანსდება და მისი დასრულება 2025 წლის აგვისტოშია დაგეგმილი. ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაგეგმილი აქვს, სტიქიის შედეგად დაზიანებული, შოვამდე მისასვლელი ორი ხიდის მშენებლობა-რეაბილიტაცია.

ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ქალაქ ონში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა. 100 ბავშვზე გათვლილ შენობაში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, მოწყობილია სკოლამდელი აღსაზრდელების საჭიროებებზე მორგებული საგანმანათლებლო, დასასვენებელი ოთახები და მრავალფეროვანი სათამაშო ეზო. ონის საბავშვო ბაღი სახელმწიფო დაფინანსებით აშენდა და პროექტის ღირებულება 2.3 მილიონი ლარია.

ინფრასტრუქტურის სამინისტრო ქალაქ ონის სლავა მეტრეველის სახელობის სტადიონის რეაბილიტაციას გეგმავს.

ონში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ქალაქ ონის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განახლება. სამუშაოები მოიცავს ძველი და ახალი „ჟიჟორეთის“ სათავე ნაგებობების და დამალული ჭების რეაბილიტაციას, მათთან დამაკავშირებელი სადაწნეო მაგისტრალისა და სანიტარული დაცვის ღობის აღდგენას, შემკრები ჭებისა და ჩამკეტ-მარეგულირებელი არმატურის შეცვლას. პარალელურად, იგეგმება სატუმბი სადგურის მოწყობა სოფელ ღარში და საფილტრი სადგურის მშენებლობა წმინდაურში. პროექტი ასევე ითვალისწინებს ქვედრულასა და წმინდაურას შორის დამაკავშირებელი მაგისტრალის მოწყობას, წყლის გამწმენდი ნაგებობების მშენებლობას, 20 კმ წყალმომარაგების ქსელის მოწყობას და 1 500 აღრიცხვის კვანძის დამონტაჟებას. ამ დროისთვის, საერთო სამშენებლო სამუშაოების 30% უკვე შესრულებულია. პროექტის ღირებულება დაახლოებით 19 მილიონი ლარია, რომელიც სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. პროექტის დასრულება 2025 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი, რის შედეგადაც, დაახლოებით 3 700 ბენეფიციარი 24 სთ-იანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

მინისტრი ასევე ამბროლაურში იმყოფებოდა, სადაც კულტურის სახლის არსებული მდგომარეობა დაათვალიერა. შენობა საჭიროებს რეაბილიტაციას, რომლის შესაძლებლობას შესაბამისი სამსახურები შეისწავლიან.

ქალაქ ამბროლაურში წყალმომარაგების სისტემის სრული განახლების პროექტი მოიცავს როგორც საპროექტო, ასევე სამშენებლო სამუშაოებს და მიზნად ისახავს მოსახლეობის უწყვეტი, ხარისხიანი და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი წყალმომარაგებით უზრუნველყოფას. პროექტის ფარგლებში სრულად რეაბილიტირდება კრიხისა და სხვას სათავე ნაგებობები. სხვას სათავეზე მოეწყობა თანამედროვე ტიპის წყლის გამწმენდი ნაგებობა სრული წმენდის ციკლით, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს წყლის ხარისხს. პროექტი ასევე ითვალისწინებს წყალმომარაგების ქსელისა და წყლის რეზერვუარის რეაბილიტაციას, წყალმომარაგების სისტემის დისტანციური მონიტორინგისა და მართვის ტექნოლოგიის დანერგვას და აღრიცხვის კვანძების მონტაჟს. პროექტის დასრულების შემდეგ, ქალაქ ამბროლაურის დაახლოებით 4,200-მდე მცხოვრები უზრუნველყოფილი იქნება 24 სთ-იანი, უწყვეტი და ხარისხიანი წყალმომარაგებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები