მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რევაზ სოხაძე: სწორედ ფონდმა „ქართუმ“  გადაარჩინა იპოდრომის ტერიტორია განაშენიანებას

იპოდრომი

„რომ არა ფონდი „ქართუ“ დღეს იპოდრომის მთელი ტერიტორია განაშენიანებული იქნებოდა“ - ეს განცხადება თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ, რევაზ სოხაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანო დღეს თამარაშვილის ქუჩაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტს განიხილავს, რომელსაც რევაზ სოხაძის თქმით, საკრებულოს უმრავლესობა მხარს დაუჭერს.

როგორც საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, აღნიშნული პროექტი საინტერესო და ქალაქისთვის მნიშვნელოვანია.

რევაზ სოხაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ იპოდრომზე, დაახლოებით 40 ჰექტარ ტერიტორიაზე, ცენტრალური პარკი გაშენდება, რომლის სამუშაოებიც უკვე მიმდინარეობს. მისივე თქმით, „ფონდმა „ქართუ“-მ ქალაქს 40 ჰექტრამდე სარეკრეაციო სივრცე გადაურჩინა და სულ მალე თბილისს ერთ-ერთი საუკეთესო რეკრეაციული სივრცე შეემატება.

„დღეს საკრებულო თამარაშვილის ქუჩაზე განაშენიანების რეგულირების გეგმას განიხილავს. ოპონენტები ამბობენ, რომ ეს არის რეკრეაციული სივრცე. მე კი მინდა, მოგახსენოთ, რომ ტერიტორიას, როდესაც იგი „ქართუ“-მ იყიდა, საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა ედო, რაც მაღალი ინტენსივობის მშენებლობის განხორციელებას გულისხმობს. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნული ტერიტორია შეიძინა, მას რეკრეაციული ზონა დაედო. რომ არა ფონდი „ქართუ“ და ბიძინა ივანიშვილი იპოდრომის ტერიტორია ინტენსიურად განაშენიანდებოდა და ამის კონკრეტული გეგმა არსებობდა. იმდროინდელი გეგმის თანახმად, ტერიტორიაზე, სადაც დღეს ცენტრალური პარკი კეთდება, მრავალსართულიანი ნაგებობების განთავსება იგეგმებოდა. სწორედ ფონდმა „ქართუ“-მ გადაარჩინა იპოდრომის ტერიტორია განაშენიანებას“- განაცხადა რევაზ სოხაძემ.

საკრებულოს უმრავლესობის თქმით, ოპონენტების განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ქალაქში რეკრეაციული სივრცეების ხელყოფა ხდება -ტყუილია. დეპუტატის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში, რეკრეაციული სივრცეები ასობით ჰექტარ ტერიტორიაზე მოეწყო, რაც ამ ქალაქის ისტორიაში არასდროს მომხდარა.

რევაზ სოხაძის განცხადებით, პროექტი, რომელსაც თბილისის საკრებულო დღეს განიხილავს, ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და დეპუტატი აცხადებს, რომ საკრებულოს უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები