"ქართული ოცნების" მთავრობაში ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) მოსამზადებელი მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში ლესლი ბერმან ლამი და ბანკის ტრანსპორტის სექტორის მთავარი სპეციალისტი ნიკოლას დეი კასტელი.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს მაგისტრალური გზების განვითარების ახალი პროექტების განხორციელებისთვის ADB-ის მხრიდან დამატებითი ფინანსური მხარდაჭერის შესაძლებლობები. ერთ-ერთი უკანასკნელი პროექტი, რომელიც ADB-მ დაამტკიცა ბათუმი სარფის 11.3-კილომეტრიანი მაგისტრალია, რომელზეც ბანკი 360 მილიონი დოლარის კრედიტს გამოყოფს.
კიდევ ერთი ახალი პროექტი, რომელზეც მთავრობა ADB-სთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, თბილისის შემოვლითი მაგისტრალის დაფინანსებაა. სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, რევაზ სოხაძისა და ლესლი ბეარმან ლამის შეხვედრის მთავარი თემა იყო თბილისის შემოვლითი გზის ორი მონაკვეთის - აეროპორტი-ლოჭინი და ლოჭინი-რუსთავი, ასევე ქობულეთის შემოვლითი მაგისტრალური გზის დამატებითი ორი ზოლის მშენებლობის თანადაფინანსება იყო.
"განსაკუთრებულად აღინიშნა ADB-სთან პარტნიორობის მნიშვნელობა საქართველოს განვითარების პროცესში. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ბათუმი–სარფის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტზე, რომლისთვისაც სესხის ხელშეკრულებას დღეს ხელი მოეწერება ფინანსთა სამინისტროში.
შეხვედრის მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზდყოფნა, გააძლიერონ თანამშრომლობა საერთო პროექტების განხორციელებაში.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი და აზიის განვითარების ბანკის მუდმივი მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ანდრეს პეტერსონი,"- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თბილისის შემოვლითი მაგისტრალის პროექტი:
შემოვლითი გზის პროექტი რამდენიმე ლოტის მშენებლობას მოიცავს, რომელთაგან ყველაზე გრძელი და ძვირად ღირებული მესამე ლოტია, რაც ავაჭალა-აეროპორტის 22.5-კილომეტრიანი გზის გაყვანას ითვალისწინებს. აღნიშნული ლოტის მშენებლობა 300 მილიონ დოლარად არის შეფასებული. ეს გზა მეტწილად ყოფილი შემოვლითი რკინიგზის ტერიტორიაზე გაივლის და მის 4 გვირაბს (საერთო სიგრძე 3.6 კმ) და არსებულ ხიდს (სიგრძე 921 მეტრი) გამოიყენებს. ამასთან, პროექტისთვის საჭირო იქნება 4 ახალი გვირაბის მშენებლობა 3.8 კილომეტრის სიგრძით და ავჭალის ხიდის პარალელურად, ახალი 928 მეტრის სიგრძის აგება.
რაც შეეხება სხვა მონაკვეთებს, ღირებულებით მეორე ადგილზეა წიწამური-ავჭალის 6.5-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც ორი პარალელური 3.4-კილომეტრიანი გვირაბის გაყვანას ითვალისწინებს. გზის ამ მონაკვეთის მშენებლობის სავარაუდო ღირებულება 150 მილიონ დოლარად არის შეფასებული.
შემოვლითი მაგისტრალის აეროპორტი-ლოჭინის უბნის სიგრძე 10.4 კილომეტრი იქნება და მისი მშენებლობა 100 მილიონ დოლარად არის შეფასებული, ხოლო ლოჭინი-რუსთავის გზის მონაკვეთის საპროექტო სიგრძე 11 კილომეტრია და მისი მშენებლობა 70 მილიონი დოლარი უნდა დაჯდეს.




























