რევაზ ვაშაკიძე: თუ მეტი გამჭვირვალობა არ იქნება, "თიბისი ბანკი" ჩამოიშლება
თამუნა ქემერტელიძე
15.02.19 14:26
• 2561
"თუ მეტი გამჭვირვალობა არ იქნება, "თიბისი ბანკი” ჩამოიშლება", - ამის შესახებ გადაცემა "ანალიტიკას" კომპანია "ჩირინას" დამფუძნებელმა რევაზ ვაშაკიძემ განუცხადა.
მისი თქმით, განცხადებები იმის შესახებ, რომ არაფერი მოხდება, ზღაპარია, რადგან თუ ბანკს მამაუკა ხაზარძის და ბადრი ჯაფარიძის "გამოაცლი", ეს იმას ნიშნავს, რომ ბანკი ჩამოიშლება.
"ბევრი რამე დგას ამ ბანკში ამ ორ ადამიანზე", – აღნიშნა ვაშაკიძემ.
ამასთან, ბიზნესმენისთვის გაუგებარია, რას აკეთებს ეროვნული ბანკი.
"მან უნდა გასცეს კითხვებს პასუხი, რა თქმა უნდა, თვითონ „თიბისიმაც“, თუმცა სებ–ის მხრიდან მეტი გამჭვირვალობაა საჭირო – რა მოხდა ისეთი ამ ორ დღეში, რომ ეროვნულმა ბანკმა მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო?", - აცხადებს ვაშაკიძე.
მისივე თქმით, ცოტა ხანში ხალხი ბანკში რეკვას და საკუთარი დეპოზიტების შესახებ კითხვების დასმას დაიწყებს, ამიტომ კითხვებზე პასუხის გაცემა აუცილებელია.
გარდა ამისა, როგორც BMG-სთან საუბარში რევაზ ვაშაკიძე აცხადებს, არაერთი უცხოელი ინვესტორი გაიტანს ფულს ქვეყნიდან, რადგან ეს არ არის პატარა ბანკი, პატარა გავლენებით.
ცნობისთვის: საქართველოს ეროვნულმა ბანკმა "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის ბადრი ჯაფარიძის გათავისუფლება მოითხოვა, ეს გადაწყვეტილება ორი თვის ვადაში უნდა აღსრულდეს. ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც "თიბისი ბანკმა" ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოაქვეყნა.
სებ–ის განმარტებით, ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია "თიბისი ბანკის" შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერსთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება.
"საკითხის შესწავლისას გამოვლინდა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა', – აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში.