სოციალურ ქსელ Linkdin-ზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სახელით გავრცელდა განცხადება ქართულ და ინგლისურ ენებზე, სადაც წერია, რომ ცენტრი სავსეა კორუმპირებული თანამშრომლებითა და ე.წ ოდეერებით.
"დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გაცნობებთ, რომ სავსეები ვართ კორუმპირებული გაჩუმებული ხალხით, ქოცებით, ოდეერებით, და ბიძინასგან ნაჩუქარი ქონების გამო გვიზის მენეჯმენტიც გაჩუმებული", - წერია მიმართვაში.

BMG-ს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ კითხვის საპასუხოდ მხოლოდ ეს მოწერა.
"რევოლუციონერების სისულელეებზე დრო არ მაქვს, გერმანიაში ვარ სერიოზულ პარტნიორებთან" - მოგვწერა პაატა იმნაძემ.
BMG-ის ჯანდაცვის სამინისტროში უთხრეს, რომ დაზუსტებით მხოლოდ იმის თქმა შეუძლიათ, რომ ეს არ არის NCDC-ის ოფიციალური განცხადება. დამატებით დეტალებს კი არკვევენ. მასალა ინფორმაციის მიღების შემთხვევაში განახლდება.
28 ნოემბრიდან მოყოლებული, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ, აქციები იმართება. მოქალაქეები აპროტესტებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომლითაც 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი. "ქართული ოცნების" მთავრობის გადაწყვეტილებას საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანებიც გაემიჯნენ. ამ დროისთვის ასობით ადამიანის საერთო განცხადება ვრცელდება, თუმცა ეს რიცხვი მზარდია.




























