მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"რეჟიმი ყველას მიადგება" - დავით დოიაშვილის გათავისუფლებაზე მსახიობების რეაქციები

სს

მედიები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელობიდან გაათავისუფლა.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით, გათავისუფლების მიზეზი ის გახდა, რომ “თეატრის ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ვალდებულებას არ ასრულებდა”.

დავით დოიაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით მსახიობებმა განცხადებები გააკეთეს:

ეკა დემეტრაძე, მსახიობი: ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ცოტა უფრო სერიოზულად მიუდგებიან საკითხს და გულწრფელები იქნებიან, პირველ რიგში, საკუთარ თავთან მიმართებით იმიტომ, რომ აუცილებლად ყველას მიადგება ეს რეჟიმი. ყველას დაუდგება ის მომენტი, რომ ამ რეჟიმს არ მოეწონება რაღაც და მიადგებიან მათაც".

ირაკლი ჩხიკვაძე, მსახიობი: "არ გავჩერდებით და არ დავნებდებით. ამას არ შევეგუებით არცერთ ვარიანტში. არავინ არ შეეგუება ამ ამბავს. არ შეიძლება ესე მეგობრებო. ნამუსის ძარღვი რომ გაგიწყდება ადამიანს, მერე ალბათ ყველაფერს იკადრებ და აღარც ელოდები პასუხს. არ ვიცი, რა უნდა მოხდეს, თემურ ჩხეიძის სახელოსნო დაკეტეს, ახლადოი მოხსნეს. გააგრძელებენ რეპრესიებს. ძალიან ცუდი ნაბიჯები გადაგდეს. ამ რეპრესიებს არ შევეგუებით და პასუხი გაეცემა, რა თქმა უნდა".

ავთანდილ ვარსიმაშვილი, "თავისუფალი თეატრის" სამხატვრო ხელმძღვანელი: "ეს არაა ერთი ადამიანის მოხსნა, ესაა თეატრის დახურვა. დოი არ დაიკარგება, ჩემი თეატრის კარიც ღიაა მისთვის და დარწმუნებული ვარ, ბევრი სხვა თეატრიც გაუღებს კარს, მაგრამ ერთ-ერთი საუკეთესო ქართული თეატრი რომ დაიხურა, ეს ფაქტია".

გიორგი ბახუტაშვილი, მსახიობი: პირადად ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაა. კულტურის სამინისტროს სახელით გაჟღერდა უბრალოდ. რა თქმა უნდა, კულტურის სამინისტრო არაფერ შუაში არ არის. თუ ჰგონია, რომ ეგ იქნება ის ერთადერთი ტირანი, ვინც ხახლის დაჭერით და რეპრესიებით შეინარჩუნებს ძალაუფლებას, ცდება. მაგას დაინახავს ცოტა ხანში".

ნატა მურვანიძე, მსახიობი: რეპრესიები გრძელდება, ამას ამბობს რეჟიმი. ჩვენს სფეროშიც გრძელდება იმიტომ, რომ საკმაოდ დაუმორჩილებელი აღმოჩნდა ეს სფერო. ვერ იმორჩილებს ამ სფეროს. სამწუხაროდ, ძველი საბერძნეთიდან ყველა ხელისუფალს ჰგონია, რომ ამ სფეროს და ხელოვნებას დაიმორჩილებენ, მაგრამ ვერ დაიმორჩილებენ".

ნანა ბუთხუზი, მსახიობი: "ვიმეორებ შექსპირის სიტყვებს - “საფლავის ქვაზე ცუდი წარწერა გერჩივნოთ, მსახიობების გადაკიდებას”. მსახიობები ამ შემთხვევაში არიან ადამიანები. ძალიან არ მინდოდა ეს წუთები დამდგარიყო. დღევანდელ დღემდე თავს მაქსიმალურად ვიკავებდი. არ ვიცი ხვალ და ზეგ რას მოვიმოქმედებ. ყველას მოგიწოდებთ, რომ ქვეყანას ვუშველოთ”.

ცნობისთვის, კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. თიკა რუხაძის უწყება განცხადებაში ამტკიცებს, რომ „სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში”, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო. შეგახსენებთ, დავით დოიაშვილმა 23 იანვარს გამოაცხადა, რომ ახალი თეატრი რეგიონებში გავიდოდა და საპროტესტო მანიფესტით წარდგებოდა. თეატრი, რომლის ერთ-ერთი მსახიობია დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე, პროტესტების დასაწყისიდანვე გაფიცულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები