მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"რეჟიმის სისუსტით აიხსნება რეპრესიული კანონები" - ნანა მალაშხია საჯარო მოხელეებს მიმართავს

ნანა მალაშხია

ყოფილი საჯარო მოხელე და „კოალიაცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნანა მალაშხია მოუწოდებს საჯარო მოხელეებს, დაინახონ მათი როგორ ეშინია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას.

„სწორედ რეჟიმის სისუსტით აიხსნება რეპრესიული კანონები, რომელსაც იღებენ“, - თქვა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას.

ნანა მალაშხია, რომელიც საზოგადოებამ 2023 წლის საპროტესტო აქციებიდან გაიცნო, როგორც „ქალი ევროკავშირის დროშით“, მაშინ თბილისის მერიაში, ერთ-ერთ სამსახურში, წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობდა. შემდეგ კი, პოლიტიკაში წავიდა და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში „კოალიცია ცვლილებისთვის“ სიის პირველი ნომერი იყო.

„თბილისის მერიის 250-მდე თანამშრომელმა გამოხატა ღია პოზიცია ევროინტეგრაციის შეჩერების გამო. თბილისის მერმა ამით დაინახა, რომ შეიძლებოდა, ხვალ მათი რიცხვი 2000-მდე გაზრდილიყო, ამიტომ დაიწყო რეპრესიები რეორგანიზაციის სახელით“, - ამბობს ნანა მალაშხია, რომლის აზრითაც, პარტიის და ძალაუფლების გაძლიერებისთვის დაწყებული რეპრესიები, სინამდვილეში, რეჟიმის სისუსტეს ნიშნავს.

ნანა მალაშხიას მიაჩნია, რომ საჯარო სამსახურში მომუშავე მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებმა უნდა დატოვონ თავიანთი თანამდებობები, ხოლო უშუალოდ საჯარო მოხელეებმა მკაფიოდ დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია.

„როგორ გაბედონ საჯარო მოხელეებმა პროტესტის გამოხატვა, როდესაც ხედავენ, როგორ ათავისუფლებენ სამსახურიდან იმ მოხელეებს, ვინც მმართველ პარტიას კონსტიტუციის 78-ე მუხლის დაცვისკენ მოუწოდა“? - ჰკითხა გადაცემის წამყვანმა პოლიტიკოსს, რაზედაც მან განაცხადა, უმთავრესია სოლიდარობა უფრო ძლიერი გახდეს.

„რეპრესიები 28 ნოემბრიდან დაიწყო, როდესაც „ქართულ ოცნებას“ რიტორიკის დონეზეც არ სჭირდებოდა ევროინტეგრაციის კურსის შენარჩუნება. ეს ნიშნავს რეჟიმის სისუსტეს, რადგან მათ გადაწყვეტილებას - შეეჩერებინათ ევროინტეგრაციის პროცესი - კეთილსინდისიერი და ღირსეული საჯარო მოხელეები დაუპირისპირდნენ; მათ მოითხოვეს კონსტიტუციის 78-ე მუხლის დაცვა და შეშინებული რეჟიმისგან მიიღეს რეპრესიები“, - ამბობს ნანა მალაშხია.

მისივე თქმით, საქართველოს საჯარო სამსახურში, პარტიული გავლენები ყველა ხელისუფლების დროს იგრძნობოდა, მაგრამ ამ მასშტაბის რეპრესიები საკანონმდებლო და პრაქტიკულ დონეზე აქამდე არასდროს ყოფილა.

„ქართული ოცნებისთვის“ საჯარო სამსახური პარტიული დანამატია; მათ მიაჩნიათ, რომ ქვეყნის ინტერესის ნაცვლად, მთავარია პარტიული ინტერესია და სახელმწიფო ბიუჯეტი კი, პარტიული ყულაბაა. ეს არის საჯარო სექტორის უდიდესი შეურაცხყოფა“, - ამბობს ნანა მალაშხია.

ყოფილმა საჯარო მოხელემ „წერტილთან“ ინტერვიუში ხაზი გაუსვა იმასაც, რომ პროფესიონალი საჯარო მოხელეების სამსახურებიდან გათავისუფლება საჯარო სერვისების ხარისხზე ნეგატიურად აისახება.

"საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფკავშირი – კონსტიტუციის 78-ე მუხლის" ბოლო ინფორმაციით, ნოემბრიდან დღემდე საჯარო სექტორიდან გათავისულებულია 500-მდე ადამიანი. მათივე ცნობით, სულ 4700-მდე საჯარო სექტორში დასაქმებულმა გააკრიტიკა ღიად “ქართული ოცნება” ევროინტეგრაციის შეჩერების გამო

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები