რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის ახლად გახსნილი მონაკვეთი სოფელ შროშაში, თიხის ნაკეთობებისა და დაწნული ჭურჭლის სავაჭრო სივრცეს უვლის გვერდს, რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივები შემოსავლის ერთ-ერთ მთავარ წყაროს კარგავენ. ამ საკითხთან დაკავშირებით რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ დეპუტატ ბეჟან წაქაძის კითხვას უპასუხა და თქვა, რომ თიხის ჭურჭლით მოვაჭრეებისთვის ახალ გზაზე სპეციალური სივრცეების მოწყობა გათვალისწინებულია.
“გარდა პროექტით განსაზღვრული საგზაო მშენებლობისა, გათვალისწინებულია ასევე სავაჭრო ადგილების მოწყობა, რომელიც ჩაანაცვლებს ძველ გზასთან არსებულ შესაბამის ადგილებს.
შეგიძლიათ ნახოთ, რომ ხაშურის შემოვლით გზაზე შესაბამისი სივრცეები უკვე არსებობს, რომელთა კეთილმოწყობაც იგეგმება ისევე როგორც შორაპანში, სადაც შროშის თიხის ნაკეთობები გადაინაცვლებს”, - ამბობს ქარსელაძე.
მინისტრის თქმითვე, ახალ გზაზე გარდა სავაჭრო სივრცეების მოწყობისა, ასევე გაჩნდება ზესტაფონის საკვები ობიექტების გადმოტანის საშუალებაც, რომლებიც უსაფრთხოების ყველა სტანდარტს დაექვემდებარება.
"შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის კაფეებს გაუჩნდებათ წვდომა. საუბარი არაა მექანიკურ გადასვლაზე, უფრო მეტიც, კეთილმოეწყობა და გათვალისწინებული იქნება შესაბამისი სტანდარტები, რომლებიც უნდა იყოს და დღეს არ არის. ამ პირობებში, ბიზნესს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ექნება განვითარებისთვის”, - ამბობს ინფრასტრუქტურის მინისტრი.