მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რიკოთის მაგისტრალის რომელ მონაკვეთებზეა 2024 წელს სტიქიის საფრთხე? - გეოლოგიური ბიულეტენი

რიკოთი

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ყოველწლიური გეოლოგიური ბიულეტენის მიხედვით, რიკოთის მაგისტრალის რამდენიმე მონაკვეთზე 2024 წელს მეწყრული და ქვათაცვენის პროცესების საშუალო ან მაღალი რისკია.

ბიულეტენში წერია, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტში, წინა წლების მსგავსად, მეწყრულ-გრავიტაციული პროცესების აქტივაციაა მოსალოდნელი. პირველ რიგში, რიკოთის გვირაბის აღმოსავლეთი პორტალის მიდამოებში არსებული კლდეზვავის ტიპის მეწყრების გააქტიურება და გამოფიტული მასის ჩამოცვენა მდინარე ჩუმათელეთის ორივე ფერდობზე ისევ აქტიური იქნება.

განსაკუთრებული საფრთხე კი, უსახელოს ღვარცოფულ ხევში იარსებებს, სადაც 2011 წელს გააქტიურებულმა პროცესმა ადამიანთა მსხვერპლი გამოიწვია.

ლესელიძე-სენაკი-თბილისის 468-ე კმ-ზე განსაკუთრებული აქტიურობა ან სირთულე მცირე ფართობის გამო არ იქნება, თუმცა არის ცვლილებები რასაც სჭირდება პრევენციული ღონისძიებების გატარება. წინააღმდეგ შემთხვევაში, რისკი გაიზრდება.

ანგარიშში წერია, რომ 2024 წელს მეწყრული პროცესების მცირედ გააქტიურებას უნდა ველოდოთ თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალის ძველ, 87-ე კმ-ზე, რომელ მონაკვეთზეც პერიოდულად ხდება სატრანსპორტო ნაკადების გადართვა.

წელსვე, მეწყრული პროცესების გააქტიურებას უნდა ველოდოთ აღანიანის მეწყრულ ფერდზე, ხოლო იგოეთის ავტობანის მიმდებარედ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, გააქტიურების და კონტურის გაზრდის ალბათობა დიდია. შესაბამისად, რისკებიც მაღალია.

სტიქიური გეოლოგიური პროცესების შესაძლო განვითარების პროგნოზი 2024 წელს:

  • რიკოთის გვირაბის აღმოსავლეთ პორტალი (ჩუმათელეთის მარცხენა ბორტი) - კლდეზვავის მეწყერის აქტიური საშიშროების საშუალო რისკი;
  • რიკოთის უღელტეხილის მიდამოები (მდ. ჩუმათელეთის მარჯვენა უსახელო შენაკადი) - ღვარცოფის მაღალი რისკი;
  • რიკოთის უღელტეხილი - ქვათაცვენის მაღალი რისკი;

ასევე, შიდა ქართლის რეგიონის მიმოხილვაში აღნიშნულია მაღალი და საშუალო საფრთხის სხვა საავტომობილო გზები:

ჩუმათელეთი-ფონას საავტომობილო გზის 2 მონაკვეთი (377342-4654222. საავტომობილო გზის ეს მონაკვეთი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს E-60 ავტომაგისტრალთან აკავშირებს) - მეწყერის საშუალო აქტიური საფრთხე;

ხაშური - საჩხერეს საავტომობილო გზის 3 მონაკვეთი (მდ. ჭერათხევის მარცხენა ფერდი) - მეწყერისა და კლდეზვავის აქტიური საფრთხის დაბალი რისკი;

ბორჯომი-ქვიშხეთის საავტომობილო გზა (376291-4644756) - ქვათაცვენის აქტიური საშუალო რისკი;

გასულ წელს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე (147-ე კმ-ზე) ქვათაცვენის გამო საავტომობილო მოძრაობა რამდენჯერმე აიკრძალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები