რიკოთზე ფერდის გამაგრების ₾62-მილიონიანი პროექტი ვადაგადაცილებით მიმდინარეობს. ჩქაროსნული მაგისტრალის 149-ე კილომეტრზე მდებარე ფერდის გამაგრებისთვის კონტრაქტი ქართულ კომპანია "ცეკურთან" 2024 წლის იანვარში გაფორმდა.
შესყიდვის თანახმად, სამუშაოები 2024 წლის ივნისში უნდა დასრულებულიყო, თუმცა შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით პროექტის დასრულება არაერთხელ გადავადდა, ბოლო მონაცემებით ის 2025 წლის მარტში უნდა დასრულებულიყო, თუმცა საგადახდო მონაცემების თანახმად, 2025 წლის მაისის მდგომარეობით გადახდილია 54.7 მილიონი ლარი, რაც პროექტის ბიუჯეტის 88%-ს შეადგენს.
მეწყრული ფერდის სტაბილიზაცია იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ჩუმათელეთი-ხევის 11.7-კილომეტრიანი გზის მშენებლობა ამ დრომდე არაა დასრულებული. პროექტზე 330 მილიონი ლარის ღირებულების სამშენებლო ხელშეკრულება 2019 წლის აგვისტოში გაფორმდა. კონტრაქტის თანახმად მშენებლობა 3 წლის ვადაში, ანუ 2022 წლის აგვისტოში უნდა დასრულებულიყო, თუმცა მისი 4-კილომეტრიანი მონაკვეთი ამ დრომდე დაუმთავრებელია. ამის ერთ-ერთი მიზეზი 2023 წლის 30 მარტს, გზის 149-ე კილომეტრზე არსებულ ფერდზე მეწყრული პროცესების გააქტიურება იყო. ამის გამო თვეების განმავლობაში საავტომობილო მოძრაობაზე შეზღუდვები მოქმედებდა, ხოლო ფერდის გამაგრებისთვის კი ტენდერი გამოცხადდა, რომლის ფარგლებშიც ხელშეკრულება 2024 წლის იანვარში გაფორმდა.
ჩქაროსნული მაგისტრალის ჩუმათლეთი-ხევის მონაკვეთი ნაწილობრივ რიკოთის გზის ძველ მონაკვეთს ემთხვევა. საუბარია, რიკოთის ძველი გვირაბის მიმდებარედ არსებულ 4-კილომეტრიან მონაკვეთზე. გზის ამ მონაკვეთის პარალელურად აშენებულია ახალი 2-ზოლიანი გზა, რომლის მშენებლობაც ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, უახლოეს მომავალში დასრულდება. გზის ამ მონაკვეთის გახსნის შემდეგ რიკოთის გზის ძველი მონაკვეთი დროებით ჩაიკეტება, რომელიც ამჟამად ორმხრივ მოძრაობას ემსახურება. მოხდება ძველი მონაკვეთის რეაბილიტაცია, მოეწყობა 3-ზოლიანი გზა და 5 ახალი ხიდი, რის შემდეგაც მაგისტრალის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი სრულად გაიხსნება. თუმცა სანამ გზის ძველი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყება, იქამდე აუცილებელია ახალი საგზაო მონაკვეთის მშენებლობა დასრულდეს.