მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რიკოთზე სამუშაოები გეგმაზომიერად მიმდინარეობს... ყველა ფერდი დამუშავების შემდეგ უსაფრთხო იქნება - გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის გიორგი წერეთლის განცხადებით, რიკოთზე სამუშაოები გეგმაზომიერად მიმდინარეობს და ყველა ფერდი დამუშავების შემდეგ უსაფრთხო იქნება. ამის შესახებ მან შოვში, სტიქიის ზონაში მედიასთან ისაუბრა

დეპარტამენტის ხელმძღვანელმა წუხილი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ  შოვში მომხდარი ტარგედიის შემდეგ, პოლიტიკურმა პარტიებმა რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობასთან დაკავშირებით, პროექტისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის დისკრედიტაცია კვლავ დაიწყო.

„მინდა სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რიკოთის ყველა დასრულებული მონაკვეთი იქნება უსაფრთხო “, - აღნიშნა მან. 

გიორგი წერეთლის თქმით, რიკოთის უღელტეხილზე გარკვეულ მონაკვეთებზე სამუშაოების პროგრესი მაღალია და ეს მონაკვეთები წლის ბოლომდე შევა ექსპლუატაციაში.

„ბოლო დღეებია ძალიან გააქტიურდა ნეგატიური განცხადებები სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების და ადამიანების მხრიდან. მინდა ვთქვა, რომ აღნიშნული განცხადებებით, კვლავ ცდილობენ პროექტის დისკრედიტაციას, მოსახლეობაში შიშის გაჩენას, თითქოს რიკოთის უღელტეხილზე რაღაც ცუდი ხდება", - აღნიშნა გიორგი წერეთელმა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის თქმით, სულ, რიკოთის მონაკვეთზე 77 ფერდია, რომელსაც უკეთდება პროექტით განსაზღვრული შესაბამისი გამაგრებითი სამუშაოები. რიკოთის პროექტის ფარგლებში, პროექტის დაწყებიდან, სულ 6000 მ სიგრძის გეოლოგიური ბურღი გაკეთდა. ჩატარდა არაერთი გეოტექნიკური, გეოფიზიკური და სეისმური კვლევები და ამ კვლევების საფუძველზე იქნა მიღებული რიკოთის უღელტეხილის საპროექტო გადაწყვეტილება.

„რაც შეეხება ფერდებს,  ეს არის სამუშაო პროცესი და ის მოვლენები, რომლებსაც ჰქონდა ადგილი, იყო  სამუშაო პროცესის ნაწილი. სამწუხაროდ, ყველა კადრი, რომელიც ვრცელდება ამა თუ იმ ტელევიზიით, არის ძველი, თვეების წინ გადაღებული და თუ დღეს ჩახვალთ რიკოთის უღელტეხილზე, ნახავთ სულ სხვა სურათს და სხვა მდგომარეობას. ყველა ფერდი, რომელიც რიკოთზე იყო, დამუშავდება პროექტის შესაბამისად და იქნება უსაფრთხო. ამ მონაკვეთებზე  გადაადგილება იქნება უსაფრთხო“- განაცხადა გიორგი წერეთელმა.

დეპარტამენტის ხელმძღვანელმა რიკოთის მასშტაბური პროექტის დაფინანსების წყაროებისა და მშენებელი კომპანიების შესახებაც ისაუბრა.

 „რიკოთის მშენებლობა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ფინანსდება. ესენია - მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი და ევროპის საინვესტიციო ბანკი. ყველა სამშენებლო თუ საზედამხედველო კომპანიის შერჩევა, მათი მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ მოხდა. ყველა შერჩეული კომპანია არის მაღალი კვალიფიკაციის და საერთაშორისო დონის“, - განაცხადა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

გიორგი წერეთლის თქმით, რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის რევიზია გააკეთეს საერთაშორისო დონორმა ორგანიზაციებმა. რევიზიის შემდგომი დასკვნა იყო დადებითი. რევიზიის პროცესში მონაწილეობდნენ ბრიტანელი, ავსტრალიელი, იტალიელი, გამოცდილი სპეციალისტები. პროექტის სამშენებლო და საზედამხედველო კომპანიები შეირჩა შესაბამისი წესების დაცვით.

გიორგი წერეთელმა ჩინურ კომპანიებსა და მათ მიმართ წაყენებულ ბრალდებებზეც გააკეთა განმარტება და აღნიშნა, რომ პროექტს ზედამხედველობენ ფრანგული, თურქული და კორეული საზედამხედველო კომპანიები. სამშენებლო სამუშაოებს კი, აწარმოებენ გამოცდილი კომპანიები და არცერთი სამშენებლო კომპანია, ხელშეკრულების გაფორმებისას, არ იყო სანქცირებული.

„2019 წლიდან მიმდინარეობს რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის პროექტი, რომლის ფარგლებშიც 97 ხიდი და 51 გვირაბი შენდება და ვერცერთ კონკრეტულ ფაქტს ვერ მოიყვანთ კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით. აღნიშნულ პროექტს ახორციელებენ საერთაშორისო დონის კომპანიები, ასევე, მათ ზედამხედველობენ საერთაშორისო კომპანიები, რომელშიც  დასაქმებულები არიან შესაბამისი გამოცდილების მქონე უცხოელი სპეციალისტები. ეს კომპანიები შერჩეულია ღია ტენდერის საფუძველზე, რომელშიც სხვა ქვეყნების კომპანიებიც იღებდნენ მონაწილეობას. გაიმარჯვეს იმ კომპანიებმა, რომლებმაც დააკმაყოფილა დონორ ორგანიზაციებთან შეთანხმებული პირობები. ამ დონორებთან შეთანხმებით გაფორმდა ხელშეკრულებებიც. კიდევ ვიმეორებ, სრული პასუხისმგებლობით, ყველა კომპანია, რომელიც შერჩეულია რიკოთის უღელტეხილზე, კონტრაქტის გაფორმების პერიოდში, არ იყო შავ სიაში,“-განაცხადა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ.

გიორგი წერეთლის განმარტებით, როგორც შესყიდვის პროცედურები, ისე გამარჯვებული კომპანიის გამოსავლენად აუცილებელი კრიტერიუმები შეთანხმებული იყო საერთაშორისო საფინანსო (დონორ) ორგანიზაციებთან. შესაბამისად, აბსურდული და უსაფუძვლოა ყველა ბრალდება, მათ შორის კორუფციულ გარიგებებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები