საქართველოში შეიძლება ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის ჭიქების, თეფშების, დანების, საწრუპებისა და სხვა ანალოგიური ნივთების გაყიდვა აიკრძალოს, ხოლო სახელმწიფო უწყებებს მსგავსი პროდუქციის შესყიდვაც შეეზღუდოთ. შესაბამისი მექანიზმის შექმნის მიზნით, პარლამენტი „ნარჩენების მართვის კოდექსში“ ცვლილებებს დაჩქარებული წესით იხილავს.
ცვლილებებს ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა უკვე მხარი დაუჭირა.
კანონპროექტი საშუალებას აძლევს ხელისუფლებას, განსაკუთრებულ შემთხვევაში აკრძალოს არა მხოლოდ პროდუქტის პირველადი მიწოდება, არამედ მისი მთლიანი ვაჭრობა. რისი შესაძლებლობაც მოქმედ რედაქციაში არ არსებობდა.
კოდექსში შეტანილი ახალი ჩანაწერი იქნება:
„განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის მიერ აიკრძალოს ან შეიზღუდოს გარკვეული პროდუქტის ბაზარზე განთავსება ან/და ვაჭრობა.“
ამ ცვლილებით, აკრძალვისა და შეზღუდვის უფლება სრულად კონცენტრირდება მთავრობაზე და ვრცელდება როგორც იმპორტზე, ისე შიდა რეალიზაციაზე.
კანონი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება.
განმარტებითი ბარათით წარმოდგენილი საერთაშორისო კვლევები ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს კრიზისულ ვითარებაზე:
- რიონის აუზში ნარჩენების 88% პლასტმასაა, მათ შორის უმეტესობა — ერთჯერადი ნივთები.
- ნარჩენების სიმჭიდროვე მდინარეში 1.77 ერთეული/მ²-ს აღწევს, ზოგ უბანში კი — 4 ერთეულს/მ², რაც მნიშვნელოვნად აღემატება ევროპულ მდინარეებში დაფიქსირებულ 0.5 ერთეული/მ²-იან საშუალო მაჩვენებელს.
- UNDP-ის შეფასებით, საქართველოში ყოველწლიურად მოიხმარება 613.5 მილიონი ერთჯერადი პლასტმასის პროდუქტი — 3.9–5.9 ათასი ტონა.
მთავრობამ მიმდინარე წლის 13 ნოემბერს დადგენილება გამოსცა, რომელიც სურსათთან შემხებლობაში მყოფი ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის ჭურჭლის რეგულირებას ეხება და 2026 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.
კერძოდ, შესაბამის ტექნიკურ რეგლამენტში შესული ცვლილებებით, იკრძალება შესაბამისი პროდუქტების წარმოება (თუ საექსპორტოდ არაა განკუთვნილი), იმპორტი და ბაზარზე განთავსება. საუბარია პლასტმასისაგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, სასმლის მოსარევების, გაფართოებული პოლისტიროლისგან დამზადებული სასურსათო კონტეინერების/ჭიქების და მათი თავსახურების აკრძალვაზე.
ამასთან, იკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი გამოყენების სასურსათო კონტეინერებისა და ჭიქების საშუალებით მზა სურსათის მიწოდება მომხმარებლებისთვის. საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მოიაზრება ნებისმიერი დაწესებულება, სატრანსპორტო საშუალებების, სტაციონარული, მობილური ჯიხურის (ფარდული, სავაჭრო დახლი) ჩათვლით (მაგალითად, რესტორანი, სასადილო, სარესტორნო მომსახურება (სურსათის მომზადებისა და მიწოდების სერვისი)), სადაც სავაჭრო-საწარმოო საქმიანობით ხდება საბოლოო მომხმარებლისათვის მზა სურსათის დამზადება ან/და რეალიზაცია. საგულისხმოა, რომ აკრძალვა არ ვრცელდება პლასტმასისაგან დამზადებულ ერთჯერადი გამოყენების შესაფუთ ნაკეთობებზე, რომლებიც განკუთვნილია დაფასოებული სურსათისათვის.

























