მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რის განხორციელებას გეგმავს „არაგვი რეზორტი წილკანი“ სახელმწიფოს მიერ პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე?

642d439f91cea
ვიქტორია მღებრიშვილი
09.04.23 17:22
1483
საქართველოს მთავრობის 3 აპრილის სხდომაზე, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების შესახებ იმსჯელეს. ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც სხდომის შემდეგ მთავრობის განკარგულებით, სახელმწიფო ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით მიიღო „არაგვი რეზორტ წილკანია“. იქიდან გამომდინარე, რომ მთავრობა მიღებულ განკარგულებებს რამდენიმე წელია არ ასაჯაროებს, სად, რა ფართობის და რა ღირებულებით გადაეცა კომპანიას ქონება უცნობი იყო.

ბიზნეს რეესტრის თანახმად, კომპანია „არაგვი რეზორტი წილკანი” 2022 წლის აგვისტოში დაფუძნდა. კომპანიის მფლობელი და დირექტორი ბიზნესმენი გიორგი როსტიაშვილია. აღსანიშნია, რომ გიორგი როსტიაშვილის მართვის ქვეშ არსებული მეორე კომპანია „არაგვი რეზორტი“ 5-ვარსკვლავიან სასტუმროს ფასანაურში აშენებს, რომლის გახსნა 2024 წლის ზაფხულამდე იგეგმება.

სახელმწიფოს მიერ ქონების პირდაპირი გადაცემის ფორმით გათვალისწინებული ვალდებულებები და საინვესტიციო პროექტის დეტალები BM.GE-მ კომპანიასთან გაარკვია.

„არაგვი რეზორტ წილკანის“ დამფუძნებლის გიორგი როსტიაშვილი ამბობს, რომ პირდაპირი მიყიდვის ფორმით 270 000 კვ.მ.-ის ფართობის მიწა სოფელ წილკანში საინვესტიციო ვალდებულებით გადაეცათ. მისი თქმით, შესყიდვა ჯერ არ განხორციელებულა და მიწის ღირებულების დაზუსტება არ შეუძლია.

„სახელმწიფოსგან პირდაპირი მიყიდვის ფორმით წილკანში, მიწის ნაკვეთი საინვესტიციო ვალდებულებებით მივიღეთ, რაც 50-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობას, ადგილზე ვენახის გაშენებას და ყურძნის გადამმუშავებელი საწარმოს ამოქმედებას მოიცავს, რისთვისაც მინიმუმ 7-8 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა ჩაიდოს. პროექტი 5 წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს“, - ამბობს გიორგი როსტიაშვილი.

გიორგი როსტიაშვილი ამბობს, რომ მათ ფასანაურში სასტუმროს პროექტის შესრულების გამოცდილება უკვე აქვთ. კომპანიის დამფუძნებელი თვლის, რომ წილკანში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის რესურსი არის და ამ პროექტის განხორციელებაც ამიტომ დაგეგმეს.

„სასტუმროს ტერიტორიაზე სარეკრეაციო სივრცე, საკონფერენციო დარბაზები და გასართობი სივრცეები მოეწყობა. პროექტი მხოლოდ კონცეპტუალურად გვაქვს დამუშავებული და უშუალოდ პროექტირება მიმდინარე წელს დაიწყება. ვფიქრობთ, სასტუმროსა და წარმოების ამოქმედების შემდეგ წილკანში 100-მდე ადამიანის დასაქმებას შევძლებთ“, - აღნიშნა „არაგვი რეზორტ წილკანის“ დამფუძნებელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები