მიმდინარე წლის ოქტომბერში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოდან ექსპორტი 38.9%-ით გაიზარდა და $681 მილიონი შეადგინა. როგორც საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის ეკონომისტი, ლაშა ქავთარაძე, BMGTV-ის გადაცემა "საქმიანი დილას" ეთერში განმარტავს, რომ წლის 10 თვეში ექსპორტის ზრდის ტემპი უფრო მაღალია, ვიდრე - იმპორტის.
"ოქტომბერში ექსპორტი 39%-ითაა გაზრდილი. იმპორტიც გაიზარდა, თუმცა, თუ 10 თვის მონაცემებს შევხედავთ, ექსპორტის ზრდის ტემპი უფრო მაღალია, ვიდრე - იმპორტის. იანვარ-ოქტომბერში ექსპორტმა $5.5 მილიარდი შეადგინა, რაც 7.4%-იანი ზრდაა, იმპორტის შემთხვევაში კი, თუ წინა წლებს შევადარებით, ის რეკორდულად იზრდება.
სავაჭრო დეფიციტი $8.1 მილიარდის ფარგლებშია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3.1%-იანი ზრდაა", - აღნიშნავს ლაშა ქავთარაძე.
ექსპორის ზრდის ტემპს Galt & Taggart-ის ეკონომისტი ფერო შენადნობების ექსპორტის კომპონენტის გააქტიურებას უკავშირებს, რაც გასულ თვეებში შემცირებული იყო.
"რაც შეეხება ექსპორტის ზრდას, წამყვანი კომპონენტი, ამ შემთხვევაში, ფერო შენადნობების ექსპორტი იყო, რაც წინა თვეებში შესუსტებული იყო. შემდეგ მოდის ავტომობილების რეექსპორტი, რასაც მოჰყვება ადგილობრივი წარმოების პროდუქციის - მათ შორის, სპირტიანი სასმელების - ექსპორტი. აგრეგირებულად რომ შევხედოთ, ადგილობრივი წარმოების ექსპორტის ზრდის ტემპი აღემატება რეექსპორტის ზრდის ტემპსაც.
რეექსპორტის ნაწილში, ფაქტობრივად, ყველა კომპონენტი გაიზარდა, მათ შორის, სპილენძის რეექსპორტიც. ოქტომბერში, 2023 წლის იანვრის შემდეგ პირველად, სპილენძის რეექსპორტის ზრდის ტემპი დაფიქსირდა, თუმცა მოცულობა მცირეა, $15 მილიონის ფარგლებში", - განმარტავს ლაშა ქავთარაძე.
გალტის პროგნოზით, ექსპორტის ზრდის ტენდენცია წლის ბოლომდე შენარჩუნდება და იმპორტი ზრდის ტემპზე მაღალ დონეზე დარჩება.