2023 წელს საქართველოში აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 3.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.8% შეადგინა.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებებში 2.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 9.4% შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 5.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 15.6%-ს გაუტოლდა.
საქსტატის ცნობით, სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით შემცირებულია მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფში. კერძოდ, 18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მაჩვენებელმა 16% შეადგინა (-4.3 პროცენტული პუნქტი), 18-64 წლის ასაკობრივ ჯგუფში - 11.5% (-3.8 პროცენტული პუნქტი), ხოლო 65 წლის და უფროს ასაკობრივ ჯგუფში - 8% (-2.5 პროცენტული პუნქტი).
აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ქალებისათვის შემცირებულია 3.9 პროცენტული პუნქტით და 11.5%ს შეადგენს, ხოლო კაცებისათვის მაჩვენებელი შემცირებულია 3.7 პროცენტული პუნქტით და 12.2%-ს შეადგენს.
გუშინ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში საშუალო თვიური შემოსავლები, რაც გულისხმობს ფულად და არაფულად სახსრებს, ერთ შინამეურნეობაზე, წინა წელთან შედარებით გაზრდილია 18.4%-ით გაიზარდა და 1 722 ლარს შეადგინს. ხოლო საშუალო თვიური შემოსავლები ერთ სულზე 20.5%-იან ზრდას აჩვენებს და 521 ლარს უტოლდება.
შინამეურნეობების შემოსავლების ძირითად წყარო ფულადი შემოსავლები და ტრანსფერტები სახელდება. დასახლების ტიპის მიხედვით, ქალაქში საშუალო თვიური შემოსავლები ერთ ოჯახზე 24.9%-ით 1 756 ლარამდე გაიზარდა, ხოლო სოფლად - 8.4%-ით 1 664 ლარამდე.