მომავალი წლიდან დედაქალაქში მცხოვრებლებისთვის პარკინგი ძვირდება. პარკინგის წლიური 50-ლარიანი გადასახადის გარდა მძღოლებს თბილისის ზოგიერთ უბანში დამატებით - საათობრივად მოუწევთ პარკინგის საფასურის გადახდა. თუმცა, ახალი სისტემის ამოქმედებისთვის ჯერ შესაბამისი კანონმდებლობა არ არსებობს, სწორედ ამიტომ აღნიშულ საკითხზე მერია პარლამენტთან ერთად მუშაობს. კანონპროექტის დეტალებზე საქმის კურსთან დედაქალაქის ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ ისაუბრა. რა ეღირება თბილისში პარკინგი, ამის თქმა ვიცემერს უჭირს, რადგან ეს საკრებულოს გადასაწყვეტია. კონკრეტულ უბნებს და გადასახადს სწორედ ადგილობრივი მუნიციპალიტეტი დაადგენს, თუმცა, ვიცემერის ინფორმაციით, თანხა ახლოს იქნება საფასურთან, რომლებიც დღეს კერძო საპარკინგე ადგილებზე მოქმედებს. რაც შეეხება მაღალი გამავლობის ავტომობილებს, შესაძლოა, მათთვის პარკინგის განსხვავებულმა საფასურმა იმოქმედოს.
„რიცხვებზე უნდა იმსჯელოს საკრებულომ და უნდა იყოს ინდივდუალური. შეიძლება აღებული იყოს კომერციული პარკირების საფასურები, როგორც მაქსიმალური ზღვარი. როგორც იცით, დღესაც არსებობს კომერციული როგორც მიწისზედა, ასევე მიწისქვეშა პარკინგები და მათი საფასური მნიშვნელოვნად აღემატება მუნიციპალური პარკირების წლიურ საფასურს. შესაძლებელია, დაახლოებით ამ ზღვარში იმსჯელოს საკრებულომ“,- აცხადებს ირაკლი ხმალაძე.

























