საქართველოს მსგავსი ეკონომიკის შემთხვევაში, ძალიან დიდი ზომის კომპანიების მოზდივის აუცილებლობა არ დგას, თქვენ შეგიძლიათ საშუალო და მცირე ზომის კომპანიებიც დააინტერესოთ - ამის შესახებ მერსედეს ვერა მარტინი აცხადებს, რომელმაც საქართველოში IMF-ის მისიის ხელმძღვანელის პოსტზე საქმიანობა ახლახან დაასრულა. მერსედეს ვერა მარტინმა მისი საქმიანობა საქართველოში გადაცემა Forbes Talks–თან და “Forbes კვირასთან” შეაჯამა და ქვეყანაში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზეც ისაუბრა.
მერსედეს ვერა მარტინი აცხადებს, რომ პანდემიის პერიოდში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI–ის) ნაკადები მნიშვნელოვნად შემცირდა გლობალურად და საქართველოც არ აღმოჩნდა გამონაკლისი. თუმცა, ვერა მარტინი აცხადებს, რომ ეკონომიკის აღდგენის პარალელურად საქართველომ აქცენტი სწორედ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე უნდა გააკეთოს, ამისთვის კი ქვეყანამ მისი უპირატესობები გამოიყენოს:
“თქვენ ისეთი მდებარეობა გაქვთ, რომელიც ძალიან მიმზიდველი შეიძლება იყოს აღმოსავლეთისა და დასავლეთის დასაკავშირებლად და ხშირად ვახსენებთ იმ ფრაზას, რომ საქართველო ამ გზაჯვარედინზე დგას. ის ფაქტი, რომ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები გაქვთ როგორც ჩინეთთან, ისე ევროკავშირთან შეიძლება დაეხმაროს ზოგიერთ კომპანიას, აღმოაჩინოს და გამოიყენოს ის მდებარეობითი უპირატესობები, რაც ამ ქვეყანას გააჩნია. საქართველოს მსგავსი ეკონომიკის შემთხვევაში, ძალიან დიდი ზომის კომპანიების მოზდივის აუცილებლობა არ დგას - რა თქმა უნდა, მათი აქტივობაც მისასალმებელია და მათ ბევრი ცოდნა და ტექნოლოგიური მიღწევა მოაქვთ, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ საშუალო და მცირე ზომის კომპანიებიც დააინტერესოთ საქართველოში ინვესტირებით - უპირატესობაა ის ბიზნესგარემოც, რაც ამ ქვეყანას აქვს.
საქართველო ბევრ რეიტინგში წამყვან პოზიციაზეა - აქ ბიზნესის დაწყება მარტივია, ნებართვის აღება მარტივია, გადასახადების ადმინისტრირება კარგად ხდება და ა.შ. ყველა ეს კომპონენტი მნიშვნელოვანია კომპანიისთვის, როცა ის იღებს გადაწყვეტილებას, ჩადოს ინვესტიცია. ჩემი აზრით, რაც შეგვიძლია ვისწავლოთ ამ პანდემიისგან ის არის, რომ მიწოდების მნიშვნელოვანი შოკები მოხდა - დღეს რასაც ვაკვირდებით, კომპანიები შეიძლება მიისწრაფვოდნენ უფრო მეტად რეგიონული ღირებულებითი ჯაჭვების განვითარებისკენ და არა, ვთქვათ, გლობალური ღირებულებითი ჯაჭვების განვითარებისკენ. ჯერ არ ვიცით, როგორ ევოლუციას განიცდის პანდემია, მომავალშიც შეიძლება გარკვეული რღვევა დადგეს დღის წესრიგში, თუმცა ვიმედოვნოთ, რომ ეს ასე არ მოხდება - თუმცა, ფაქტია, რომ კომპანიები ცდილობენ მეტი მედეგობის გამომუშავებას იმ შემთხვევისთვის, თუკი სიტუაცია გამეორდება. დღეს მეტი რეგიონალური ღირებულებითი ჯაჭვის ალბათობა ჩანს და ვფიქრობ, საქართველოს შეუძლია ამ ტრენდზე კაპიტალიზება. ერთი, რაც შეიძლება გადაჭრით ითქვას - თქვენ გჭირდებათ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. გჭირდებათ ინვესტიციები იმისთვის, რომ გაზარდოთ ეკონომიკა, შექმნათ სამუშაო ადგილები და გააძლიეროთ ოჯახები და კომპანიები”,– აცხადებს მერსედეს ვერა მარტინი.