მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რისი უფლება აქვს ახალი კონსტიტუციით პრეზიდენტს?

5c15f2df1e222
ანნა ლაპიაშვილი
16.12.18 10:36
1457
სალომე ზურაბიშვილის მიერ პრეზიდენტის ფიცის დადების მომენტიდან ძალაში კონსტიტუციის ახალი რედაქცია შედის.

ახალი კონსტიტუციის მიხედვით, მომავალში პრეზიდენტს საქართველოს მოქალაქეები პირდაპირი წესით აღარ აირჩევენ;

შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილი უკანასკნელი პრეზიდენტია, რომელიც ამომრჩეველთა უმრავლესობამ აირჩია, მაგრამ ე.წ. დამოუკიდებელ კანდიდატს ამისთვის მეორე ტური დასჭირდა.

ამასთან, უკვე არჩეული პრეზიდენტი ერთჯერადად არა -ხუთი წლით, არამედ ექვსი წლით დაიკავებს პრეზიდენტის პოსტს.

ფიცის დადების დროს პრეზიდენტმა "საპროგრამო სიტყვა" ბოლოჯერ უნდა წარმოთქვას, შემდეგი პრეზიდენტების ფიცის დადებისას საინაუგურაციო გამოსვლას „ხალხისადმი მიმართვა“ ერქმევა.

ახალი კონსტიტუციის ამოქმედებისთანავე პრეზიდენტს აღარ ექნება პოლიტიკური პარტიის წევრობის უფლება. მისი სტატუსი კონსტიტუცის მიხედვით, სამი ტიტულისგან შედგება: ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი; თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი; საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენელი.
პრეზიდენტს უცვლელად უნარჩუნდება: კონსტიტუციური შეთანხმების დადების, კანონის ხელმოწერისა და გამოქვეყნების, შესაბამისი მიმართვის არსებობის შემთხვევაში რეფერენდუმის დანიშვნის საკითხის გადაწყვეტის, პარლამენტის სხდომისა და სესიის მოწვევის, ვეტოს, მსჯავრდებულთა შეწყალების, პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების დანიშვნისა და მთავრობის ფორმირების უნარის არმქონე პარლამენტის დათხოვნის ფორმალური უფლებამოსილებები.
ახალ კონსტიტუციურ რეალობაში პრეზიდენტს აღარ შეეძლება საქართველოს პარლამენტი დაითხოვოს;

უქმდება სახელმწიფოს მეთაურის პრეროგატივა, ვეტო დაადოს პარლამენტის მიერ მისთვის წარდგენილი ახალი პრემიერის კანდიდატურას.

ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლისთანავე ზოგადად მცირდება პრეზიდენტის როლი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურაში.

ასევე, პრეზიდენტის არჩევნების თარიღის დანიშვნა პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტის უფლებამოსილება ხდება.

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების დღე, თავად კონსტიტუციამ გაითვალისწინა, ამიტომ პრეზიდენტი მას მხოლოდ იმ შემთხვევაში ნიშნავს, თუ არჩევნები რიგგარეშეა ან თუ საომარ ან საგანგებო მდგომარეობას დაემთხვევა და ამ შემთხვევაშიც პრემიერის თანახელმოწერა სჭირდება.

ქვეყნის პირველ პირს უნარჩუნდება მოქალაქეობის საკითხების კანონის ფარგლებში გადაწყვეტის უფლებამოსილება, თუმცა თავშესაფრის მინიჭების კომპეტენცია მას აღარ ექნება.

სახელმწიფოს მეთაურს უნარჩუნდება უმაღლესი სამხედრო და დიპლომატიური რანგების, სპეციალური და საპატიო წოდებების, სახელმწიფო ჯილდოების მინიჭების უფლებამოსილება.

პრეზიდენტი აღარ მიმართავს პარალმენტს და ნებისმიერ დროს მიმართვის შესაძლებლობა მას მხოლოდ ხალხთან ექნება.

პრეზიდენტი ახალი კონსტიტუციითაც ვალდებულია, წელიწადში ერთხელ, ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარსდგეს.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები