თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი უკვამლო პროდუქტების დაბეგვრის საკითხი საერთაშორისო საგადასახადო პოლიტიკის ერთ-ერთ აქტუალურ თემად რჩება. ამ საკითხს ვრცელი ანალიზი მიუძღვნა ამერიკელმა ეკონომისტმა, Tax Foundation-ის აქციზური საგადასახადო პოლიტიკის დირექტორმა ადამ ჰოფერმა. მისი სტატია შეეხება იმას, თუ როგორ შეიძლება საგადასახადო სისტემამ ნიკოტინის სხვადასხვა პროდუქტის რისკის პროფილი ასახოს და რა პრინციპებით უნდა განისაზღვროს დიფერენცირებული აქციზი.
ჰოფერის შეფასებით, ნიკოტინისა და თამბაქოს პროდუქტების ბაზარზე მიმდინარე ცვლილებების ფონზე, საგადასახადო პოლიტიკის მიზანი მხოლოდ გადასახადის დაწესება არ უნდა იყოს. მისი აზრით, აქციზის სისტემა უნდა ეფუძნებოდეს მკაფიო და ლოგიკურ ჩარჩოს, რომელიც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიზნებთან იქნება თანხვედრაში და მომხმარებელთა ქცევის სასურველი მიმართულებით ცვლილებას შეუწყობს ხელს.
ბოლო წლებში ბაზარზე ფართოდ გავრცელდა ნიკოტინისა და თამბაქოს შემცველი უკვამლო პროდუქტები, როგორიცაა ელექტრონული სიგარეტები, გასახურებელი თამბაქოს პროდუქტები და ნიკოტინის ბალიშები. მისი თქმით, არსებული დამოუკიდებელი საერთაშორისო სამეცნიერო მტკიცებულებების მიხედვით, ეს პროდუქტები სრულად რისკისგან თავისუფალი არ არის, თუმცა ტრადიციულ წვად სიგარეტთან შედარებით ნაკლებ ზიანს უკავშირდება.
ავტორის შეფასებით, სწორედ ამ განსხვავებამ უნდა ჰპოვოს ასახვა საგადასახადო პოლიტიკაში - თუ სხვადასხვა პროდუქტის რისკის დონე ერთმანეთისგან განსხვავდება, ერთნაირი საგადასახადო მიდგომა შესაძლოა ვერ უზრუნველყოფდეს იმ შედეგს, რომლის მიღწევაც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პოლიტიკის მიზანია.
ჰოფერი აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით გადაწყვეტილებების მიღებისას საკვანძო მნიშვნელობა აქვს მეცნიერულ მტკიცებულებებს. იმისათვის, რომ საგადასახადო პოლიტიკამ რეალურად მოახდინოს მომხმარებელთა არჩევანზე გავლენა, სხვადასხვა პროდუქტის მახასიათებლები და რისკები უნდა შეფასდეს სამეცნიერო მონაცემების მიხედვით და სწორედ ამის საფუძველზე მოხდეს გადაწყვეტილებების მიღება.
ეკონომისტის განმარტებით, ეფექტიანი აქციზის სისტემა მომხმარებლებისთვის შესაბამის ეკონომიკურ სტიმულებს უნდა ქმნიდეს - ავტორი აგრეთვე გვთავაზობს დიფერენცირებული განაკვეთების მოდელსაც, რომლის მიხედვითაც, სხვადასხვა პროდუქტის აქციზი წვად სიგარეტთან მიმართებით განსხვავებული უნდა იყოს. პროდუქტის შესაბამის საგადასახადო კატეგორიაში განთავსებისას სამი ძირითადი კრიტერიუმი უნდა შეფასდეს: ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი, რამდენად შეუძლია პროდუქტს ტრადიციული სიგარეტის ჩანაცვლება.
სტატიის დასასრულს ეკონომისტი აღნიშნავს, რომ ქვეყნებში, სადაც თამბაქოსა და ნიკოტინის პროდუქტების საგადასახადო სისტემის გადახედვა მიმდინარეობს, აქციზის პოლიტიკა, უნდა ეფუძნებოდეს მეცნიერულ მტკიცებულებებსა და სხვადასხვა პროდუქტის რისკის შეფასებას. ასეთი მიდგომა საგადასახადო სისტემას უფრო თანმიმდევრულს გახდის და ხელს შეუწყობს მომხმარებელთა ქცევის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიზნებთან დაახლოებას.

























