ფუნქციური დუბლირება და ეფექტურობის ნაკლებობა - ამ მიზეზებით ხსნის "ოცნება" ბიზნესომბუდსმენის აპარატის გაუქმებას და ეკონომიკის სამინისტროსთვის შერწყმას.
პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა შევიდა, რომელიც „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ კანონის ძალადაკარგულად გამოცხადებას ითვალისწინებს. 2015 წელს შექმნილი ინსტიტუტი, რომელიც კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის მედიატორის როლს ასრულებდა, 2026 წლის 1 იანვრიდან ოფიციალურად წყვეტს არსებობას.
კანონპროექტის ინიციატორები (შოთა ბერეკაშვილი, ლევან მაჭავარიანი, გიორგი ბარვენაშვილი, თორნიკე ბერეკაშვილი) განმარტავენ, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში სახელმწიფო ინფრასტრუქტურა არსებითად გაძლიერდა და ბიზნესთან კომუნიკაციის არხები მრავალ უწყებაში ინტეგრირდა, რამაც ომბუდსმენის ინსტიტუტის ფუნქციური დანიშნულება ამოწურა.
„ბიზნესომბუდსმენის სამოქმედო ფუნქციები დღეს უკვე მრავალ უწყებაშია ინტეგრირებული. შესაბამისად, კანონმდებლობაში ჩნდება ფუნქციური დუბლირება და ინსტიტუტის შენარჩუნება კარგავს ეფექტურობას“, - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
რა იცვლება სტრუქტურულად?
- 2026 წლის 1 იანვრიდან მოქმედი ბიზნესომბუდსმენი გადაინაცვლებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მრჩევლის პოზიციაზე, საიდანაც განახორციელებს დარჩენილ უფლებამოსილებებს;
თუმცა, საქმე ის არის, რომ "საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებებით, 1-ელი აგვისტოდან მრჩევლის პოზიცია არაანაზღაურებადი გახდა.
- 2026 წლის 1 იანვრიდან უქმდება ბიზნესომბუდსმენისა და მისი მოადგილეების თანამდებობები;
- ბიზნესომბუდსმენის აპარატი ლიკვიდირდება. თანამშრომლებს, მათ შორის ომბუდსმენსა და მის მოადგილეებს, ენიჭებათ 3-თვიანი კომპენსაცია;
- ქონების გადანაწილება: მთავრობა განსაზღვრავს ლიკვიდირებული აპარატის ქონების, დოკუმენტაციისა და მატერიალური ბაზის გადანაწილების წესს.
კანონპროექტის ფინანსური ეფექტი
"ოცნების" წევრები ელიან, რომ ინსტიტუტის გაუქმებას მნიშვნელოვანი ფინანსური დადებითი გავლენა ექნება სახელმწიფო ბიუჯეტზე:
| ფინანსური მაჩვენებელი | ოდენობა |
| სახელმწიფო ბიუჯეტის დაზოგვა (წლიური) | ≈ 797,750 ლარი |
| საშემოსავლო გადასახადის შემცირება (კომპენსაციის გამო) | ≈ 121,350 ლარი |
კომპენსაციის ხარჯები დაფინანსდება მთავრობის ადმინისტრაციის არსებული ასიგნებებიდან.
კანონის ინიციატორები აღნიშნავენ, რომ ბიზნესომბუდსმენის ფუნქციები დღეს უკვე სრულად არის ათვისებული და გაძლიერებულია შემდეგ უწყებებში:
-
ეკონომიკის სამინისტრო და მისი სააგენტოები („აწარმოე საქართველოში“): ახორციელებენ ბიზნეს-საპროცესო და საკომუნიკაციო მხარდაჭერას.
-
ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭო: წარმოადგენს მეწარმეთა საგადასახადო და საბაჟო გადაწყვეტილებებზე ეფექტური რეაგირების პლატფორმას.
-
ეროვნული ბანკი და მარეგულირებელი ორგანოები: ძლიერი ზედამხედველობა უზრუნველყოფს ბაზრების სტაბილურობას, რაც დამატებით შუამავალ რგოლს გამორიცხავს.
-
პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი: აქტიურად მონაწილეობს პოლიტიკის ფორმირებასა და ზედამხედველობაში, რაც ბიზნესის ინტერესების დაცვის საშუალებას იძლევა.
კანონი, რომელიც დაჩქარებული წესით არ განიხილება ძალაში უნდა შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.




























