საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, სურსათის ფასების რეგულირების მიზნით ეკონომიკის სამინისტრო სამართლიანი ვაჭრობის შესახებ ევროდირექტივის შესაბამისად კანონპროექტს მოამზადებს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნული განცხადება გუშინ, მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა.
„რითეილ ასოციაციის“ აღმასრულებელი თავმჯდომარე, სოფიო ქაშაკაშვილი აცხადებს, რომ სექტორი ევროდირექტივით გათვალისწინებულ ცვლილებებს მიესალმება.
„ევროდირექტივა ემსახურება ფერმერების, ასევე ადგილობრივი მეწარმეების წახალისებას და დაცვას. ცალსახად არ გამოხატავს, რომ იმპორტიორებს და რიტეილს შეეხება. ადგილობრივი მეწარმეობის დაცვის მიმართულებით არის და არ ვიცი ეკონომიკის სამინისტრო როგორ ფორმას მისცემს უკვე კანონპროექტში, თუმცა ჩვენ მივესალმებით ადგილობრივი მეწარმეობის მხარდაჭერას.
ადგილობრივ მეწარმეებს სრულიად გადასახადის გარეშე შეუძლიათ პროდუქცია შეიტანონ ჩვენს ქსელებში. ჩვენ ამ ინიციატივას ვუყურებთ პოზიტიურად. ვფიქრობ, საკითხზე იმსჯელებს სამუშაო ჯგუფი, ეკონომიკის მინისტრმა გვთხოვა, რომ ამაშიც მივიღოთ აქტიური მონაწილეობა და უკვე დღეს ველოდებით პროექტს“, - განაცხადა სოფიო ქაშაკაშვილმა.
კითხვაზე, რა პოზიცია აქვს მას რეგულაციებთან, რაც შესაძლებელია იქნას გათვალისწინებული, ქაშაკაშვილი პასუხობს, რომ ევროდირექტივაში რეგულაციები არ არის შეტანილი.
გარდა ამისა, BMG დაინტერესდა, თუ რას იტყოდა ის პრემიერის განცხადებაზე, რომელმაც რიტეილ სექტორზე ისაუბრა და თქვა, რომ „ახალი წესებით, იმპორტიორებს ექნებათ განსაზღვრული მარჟები, ფასნამატები და ასევე რითეილს ექნება თავისი განსაზღვრული წესები".
„ეკონომიკის სამინისტროს და დარგის წარმომადგენლების შეხვედრა იყო სამუშაო ფორმატის. საკმაოდ პოზიტიური იყო. რიტეილმაც და იმპორტიორებმაც გავაჟღერეთ, თუ რისგან შედგება პროდუქციის ფასნამატები, ისიც დაკონკრეტდა, რომ პირველადი მოხმარების, სოციალურ პროდუქციაზე არის მინიმალური მარჟა, რომელიც 3-10%-მდე მერყეობს და ის მარჟა, რომელიც მთლიანად არის გამოყვანილი, არის საშუალო შეწონილი მარჟა. მთლიანობაში, პროდუქციის ფასის დათვლა არის არამართებული, დეტალურად უნდა მივყვეთ პროდუქტს, ვთქვათ, წიწიბურას, ზეთს, ბრინჯს, წონით პროდუქციას შესაძლოა, საერთოდაც 5 და 10-თეთრიანი ფასნამატები ჰქონდეს, მაღაზიებში. სწორედ ამაზე ვისაუბრეთ და განვიხილეთ. შევთანხმდით, რომ კონკურენციის სააგენტო 10-15 დასახელების სოციალურ პროდუქტს გამოყოფს, შემდეგ ჩვენ ისევ სამმხრივად შევიკრიბებით და ვიმსჯელებთ რა დამატებითი შეღავათების გაკეთება იქნება შესაძლებელი კონკრეტული დასახელების პროდუქციაზე“, - განაცხადა სოფიო ქაშაკაშვილმა.