"რითეილ ასოციაცია" სურსათის ფასებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, საქართველოს FMCG სექტორში მიწოდების ჯაჭვი არაეფექტიანია და აღნიშნულში ძირითადი წვლილი არა მწარმოებლებს და სუპერმარკეტებს, არამედ სადისტრიბუციო კომპანიებს შეაქვთ. როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, მსხვილ ევროპულ ბაზრებზე მწარმოებლებს აქვთ მიწოდების ცენტრალიზებული სისტემა, რომელშიც მესამე პირების სახით დისტრიბუტორები არ მონაწილეობენ და მათ პროდუქცია პირდაპირ ქსელებში შეაქვთ, საქართველოში კი დამკვიდრებულია სისტემა, რომელშიც დისტრიბუტორები მონაწილეობენ, რომელთა ოპერირება არაეფექტიანია, რაც საბოლოოდ სუპერმარკეტისთვის მიწოდებული პროდუქციის გაძვირებას იწვევს.
"საერთაშორისო გამოცდილება ნათლად აჩვენებს, რომ დაბალ ფასს განსაზღვრავს მიწოდების ჯაჭვის ეფექტურობა, კერძოდ: ევროპის ქვეყნებში, მათ შორის გერმანიაში, სადაც ბაზრის უდიდესი ნაწილი ორგანიზებულ რითეილზე მოდის, ლოგისტიკა მაქსიმალურად ცენტრალიზებულია, პროდუქტი მწარმოებლიდან პირდაპირ ქსელის საწყობებში ხვდება და მაღაზიებში უკვე თავად ქსელის შიდა ლოგისტიკის მიერ, ოპტიმიზირებული სისტემით ნაწილდება. სწორედ ამიტომ იქ პრაქტიკულად არ არსებობს ზედმეტი რგოლი დისტრიბუციის სახით, რომელიც ფასს ზრდის. სადისტრიბუციო კომპანიებს კი ძირითადად გადამზიდის როლი აქვს.
ქართული მოდელი ჯერ კიდევ ტრანსფორმაციის პროცესშია. დღეს ხშირად ერთსა და იმავე სავაჭრო ობიექტს სხვადასხვა მომწოდებელი სხვადასხვა ტრანსპორტით ამარაგებს. ეს ნიშნავს მეტ ლოგისტიკურ ოპერაციას, მეტ საწვავს, მეტ დროს და საბოლოოდ მეტ ხარჯს, რომელიც პროდუქტის ფასში აისახება და ტვირთად აწვება მომხმარებელს.
აქვე, მნიშვნელოვანია განვმარტოთ „ქეშბექის“ საკითხი. ქეშბექი წარმოადგენს ჯამური მარჟისა და ფასნამატის ერთ-ერთ კომპონენტს და იგი თავიდანვე გათვალისწინებულია მომწოდებელსა და ქსელს შორის შეთანხმებულ სავაჭრო პირობებში. ეს არ არის დამატებითი გადასახადი ან ისეთი თანხა, რომელიც შემდეგ ეტაპზე ფასს ზემოდან ემატება. ამ რესურსის გამოყენება ძირითადად ხდება აქციებისთვის, დროებითი ფასდაკლებებისთვის, პროდუქტის უკეთ წარმოსაჩენად და სხვა აქტივობებისთვის, რომლებიც საბოლოოდ მომხმარებლის ინტერესზეა მიმართული. მნიშვნელოვანია ისიც, რომ კომპეტენტურ კვლევებზე დაყრდნობით, საქართველოში სუპერმარკეტების საშუალო ჯამური მარჟა ევროპულ მაჩვენებლებზე დაბალია. შესაბამისად, ფასის ფორმირებაზე მსჯელობისას აუცილებელია სრული სურათის დანახვა და არა ცალკეული ელემენტის გამოყოფა
კვლევებზე დაფუძნებული მონაცემებით ცნობილია, რომ ორგანიზებული სუპერმარკეტები ერთად რითეილ ბაზრის დაახლოებით 40%-ს შეადგენენ. დანარჩენი 60% მოდის უბნის მაღაზიებსა და სხვა ტიპის სავაჭრო ობიექტებზე. ასევე, ცნობილია, რომ ამ სეგმენტში დისტრიბუცია ქეშბექსა და რეტრო ბონუსს ან საერთოდ არ იყენებს, ან ძალიან მცირე მასშტაბით იყენებს. მიუხედავად ამისა,
არაბრენდირებულ უბნის მაღაზიებში პროდუქტები ხშირად უფრო ძვირია, ვიდრე ორგანიზებულ, მათ შორის დისკაუნტერულ ქსელებში.
ეს პრაქტიკა აჩვენებს, რომ ქეშბექი და რეტრო-ბონუსი ვერ განიხილება ფასის ზრდის მთავარ მიზეზად. ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რამდენად ეფექტიანად არის მოწყობილი პროდუქტის მიწოდება. როგორც უკვე აღინიშნა, ფასის ფორმირებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს დამატებითი შუალედური რგოლის - დისტრიბუციის არსებობა, სადაც არაეფექტური და ძვირიანი სადისტრიბუციო პროცესი საბოლოოდ ზრდის ფასნამატს,"- ნათქვამია განცხადებაში.
სრულად ასოციაციის განცხადება შეგიძლიათ იხილოთ აქ.




























