რითეილ სექტორი ამ ეტაპზე, მზად არ არის ღამის დისტრიბუციაზე გადასასვლელად. მერიასთან ხანგრძლივი კონსულტაციების შედეგად, ეს პროცესი დროებით შეჩერდა - ამის შესახებ BMG-სთან “რითეილ ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორი სოფო ქაშაკაშვილი აცხადებს.
მისი თქმით, სექტორში კადრების დეფიციტია. მათ შორის, დღის საათებშიც. ღამით კი, თანამშრომლების პოვნა და შენარჩუნება თითქმის, შეუძლებელი იქნება.
„ღამის ცვლაში კადრების შოვნა არის ძალიან, ძალიან დიდი პრობლემა, ფაქტობრივად, შეუძლებელი. მით უმეტეს, რომ ღამის ტარიფები, როგორც წესი, ორმაგია, რაც საგრძნობლად გააძვირებს საოპერაციო ხარჯებს და საბოლოოდ ეს რა თქმა უნდა, აისახება პროდუქციაზე.
აქ არის კიდევ რამდენიმე სხვა გამოწვევა, რაც დაკავშირებულია თანამშრომელთა უსაფრთხოებაზე - საკმაოდ გაზრდილია არასრულწლოვანთა კრიმინალის შემთხვევები ჩვენს მაღაზიებში. ეს მით უმეტეს, პრობლემა იქნება ღამის საათებში, რადგან ზოგიერთი დისტრიბუცია „ქეშით“ მუშაობს. ამასთან, მხოლოდ მაღაზიაში კი არ უნდა იყოს შესაბამისი პერსონალი, რომელიც შეძლებს ამ პროდუქციის მიღებას, გადაცვლას, გადათვლას, დასაწყობებას, ასევე ადმინისტრაციულ ოფისშიც უნდა იჯდეს რამდენიმე ოპერატორი, ვინც ამ პროცესებს დაადასტურებს. ერთი სიტყვით, ამ ეტაპზე რითეილ სექტორი ნამდვილად არ არის მზად ამ პროცესებზე გადასასვლელად“ - ამბობს სოფო ქაშაკაშვილი.
სექტორში მიაჩნიათ, რომ დისტრიბუტორებისთვის მუშაობის გასამარტივებლად და პარკირების ჯარიმების შესამცირებლად, გამოსავალი მერიის მხრიდან, საჭირო პარკირების ადგილების დამატება იქნებოდა.
„თავის დროზე ჩვენ ვთხოვეთ მერიას დაახლოებით 500-ზე მეტი პარკინგის ადგილის გამოყოფა დისტრიბუციისთვის და მხოლოდ 120 ადგილია გამოყოფილი. შესაძლებელია, ამ კონსულტირების და სამუშაო შეხვედრების აღდგენა მერიასთან იმისთვის, რომ დამატებით გამოიყოს პარკირების ადგილები და ამ მიმართულებითაც, ალბათ, თავად დისტრიბუტორებმა და მწარმოებლებმა უნდა იაქტიურონ“ - ამბობს სოფო ქაშაკაშვილი.
ღამის მომარაგების აღდგენის ინიციატივით „პურის მცხობელთა ასოციაცია“ გამოდის. როგორც ასოციაციის ხელმძღვანელი მალხაზ დოლიძე BMG-სთან აცხადებს, დედაქალაქი ყოველდღიურად 400 ტონამდე პურს მოიხმარს, მაღაზიების უმეტესობას კი, ერთბაშად, დილის 9-დან 10 საათამდე სჭირდება პურის მიწოდება, რაც მწარმოებლებს პროდუქციის განაწილებას ურთულებს. გამოსავალი, მალხაზ დოლიძის თქმით, ღამის მომარაგების ნაწილობრივი აღდგენა იქნებოდა, რაც დილის მომარაგებაზე წნეხს შეამცირებდა.
პურის მწარმოებლებისთვის პრობლემურია სატრანსპორტო სანქციებიც. პურის ქარხნების მანქანებისთვის დაკისრებული ჯარიმები ათი ათასობით ლარს აღწევს, რაც პროდუქციის საბოლოო ღირებულებაზეც აისახება.




























