Daily Group-ის ციფრული ტექნოლოგიების მიმართულების დირექტორი ვანო მესტიაშვილი ამბობს, რომ რითეილ სექტორი კონკურენციის საინტერესო ეტაპზეა, სადაც აქცენტი ეფექტურობაზე კეთდება.
მან მიმდინარე წლის შეფასებისას "ანალიტიკას" ეთერში ყურადღება ასევე ციფრულ ტრანსფორმაციაზე გაამახვილა.
"ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო წელი იყო იმ ნაწილში, რომ მომხმარებლის ინფორმირებულობა საკმაოდ გაზრდილია და კონკურენციის ძალიან საინტერესო ეტაპზე გადავდივართ რითეილერები, სადაც ჩვენ უკვე არ ვართ კონცენტრირებული იმაზე, რამდენ მაღაზიას გავხსნით მხოლოდ. კონცენტრირებულები ვართ იმაზე, რომ ეფექტურები ვიყოთ და ის ყველა არხი, მათ შორის ekalata იქნება თუ ნებისმიერი სხვა, გამოვიყენოთ მომხმარებელთან სწორი კომუნიკაციის გასამართად.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის ციფრული ტრანსფორმაცია და მთავარი აქცენტი ამ წლის, ვფიქრობ, რომ ყველა რითეილერისთვის მაინც ეს იყო. განსაკუთრებით მსხვილ რითეილერებს ვგულისხმობ, ვისაც აქვს იმის ფუფუნება დღესდღეობით, რომ გარკვეული ტიპის ინვესტიციები გააკეთოს ტექნოლოგიებში. თუმცა ამასთანავე მინდა ერთი მარტივი რაღაც აღვნიშნო, რომ შედარებით საშუალო ზომის და პატარა რითეილერებს არ უნდა შეეშინდეთ, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან მარტივი გახდა დღესდღეობით გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ძალიან მარტივი არის ისეთი ტიპის სისტემების მშენებლობა ისეთი ადამიანების მიერ თუნდაც, ვისაც ამის გამოცდილება აქამდე არ ჰქონია, რომელიც შარშან და შარშანწინ მილიონები ღირდა. ანუ ძალიან შემცირებული არის, ასე ვთქვათ, ბარიერები ციფრული ტრანსფორმაციის და ვფიქრობ, რომ ჩვენი, მსხვილი რითეილერების მთავარი ვალდებულება სწორედ ეს არის, რომ ამაზე გავაკეთოთ აქცენტი, აქეთკენ ვუბიძგოთ ყველა დანარჩენ კომპანიას, გავუზიაროთ საკუთარი გამოცდილება და შევძლოთ ყველამ ერთად ის, რომ ყველა ჩვენი მომხმარებელი საერთო ჯამში უფრო კმაყოფილი იყოს და უკეთესი შეთავაზება მიიღოს ყველასგან",- ამბობს ვანო მესტიაშვილი.
ცნობისთვის, Daily Group საქართველოს საცალო ვაჭრობისა და FMCG სექტორის ერთ-ერთი უმსხვილესი ჰოლდინგური კომპანიაა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ექვს საცალო ქსელს აერთიანებს: „დეილი“, „სპარი“, „მაგნიტი“, „გვირილა“, „იოლი“ და „კალათა“.
























