საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიას აზრით, კერძო სექტორის მოლოდინების გაზრდა საქმითაა შესაძლებელი. ასე უპასუხა მინისტრმა „ქართული ოცნების“ დეპუტატ ნინო წილოსანის კითხვას, რომელიც ბიზნესში არსებული მოლოდინების გაზომვას და გაზრდას შეეხებოდა.
„ჩვენ კერძო სექტორის მოლოდინები უნდა გავზარდოთ იმით, რომ საქმით დავანახოთ რას ვაკეთებთ და კერძო სექტორი დაინახავს იმ საქმეს, რომელსაც ვაკეთებთ. მე არ მგონია, რომ კერძო სექტორის მოლოდინები დაბალია და როგორც არ უნდა იყოს, იმ საქმეს, რომელსაც ვაკეთებთ, ისინი დანახავენ და ეს მოლოდინები კიდევ უფრო გაეზრდებათ. მოლდინები გაიზრდება მარტო საქმით და არა - ლაპარაკით“, - განაცხადა ქობულიამ.
მინისტრის თქმით, ეკონომიკის სამინისტრო საინვესტიციო საზოგადოების განწყობას სხვადასხვა სპეციფიური გამოკითხვებით ზომავს.
„ყველა ჩემი კოლეგა, თანამშრომელი სისტემატიურ კომუნიკაციაში იმყოფება კერძო სექტორთან, მე ჩემი სამუშაო დროის დიდ ნაწილს ვატარებ იმაში, რომ ვხვდები კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რომ მათი განცდა, მოლოდინები შევფასოთ და მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი; ჩვენი სამუშაო არის კერძო სექტორის ხელშეწყობა -ეს არის 80%, რასაც ვაკეთებთ“, - განაცხადა მინისტრმა.

























