საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია ხელისუფლებას “რიყის დოქების”დანგრევის გადაწყვეტილების გამო მწვავედ აკრიტიკებს.
“თბილისში ცოტა რამეა ასაშენებელი, უკვე აშენებული “რიყის დოქებს” რომ ანგრევთ?!” - კითხვას სვამს ყოფილი მინისტრი.
გიორგი ქობულიას აზრით, “რიყის დოქები”, რომელიც მსოფლიო დონის ერთ-ერთი უდიდესი არქიტექტორის შექმნილია, თბილისის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი გახდა და მისი დანგრევა დანაშაულია.
“რიყის დოქების” დანგრევას თუ მართლა იწყებენ, ეს რეალურად მძიმე ბარბაროსული დანაშაულია! რა - ანაკლია, აგერ აშენებულს ანგრევენ და ვერავინ ვერ გაიგო რატომ!
“რიყის დოქები” ქალაქის ერთ ერთი სავიზიტო ბარათი გახდა და იმის მაგივრად, რომ პირიქით სახელმწიფომ აიღოს თავის თავზე ამ კომპლექსის გამართვა, ფუნქციის მოძებნა და დაფინანსება, დანგრევას უპირებენ. ეს მკრეხელობა ვის მოუვიდა თავში?! თბილისში ცოტა რამეა ასაშენებელი, სანამ გაკეთებულის დანგრევას დავიწყებთ?!”, - აცხადებს გიორგი ქობულია BMG-სთან.
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი მოუწოდებს ხელისუფლებას, საზოგადოებას უთხრან, კონკრეტულად ვინ და რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება და რა არგუმენტებზე დაფუძნებით. "საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, ვინ ჩაიდინა და ვინ აგებს პასუხს ამ გადაწყვეტილების გამო", - ამბობს გიორგი ქობულია.
ცნობისთვის: რიყის დოქების პროექტი იტალიელ არქიტექტორს, მასიმილიანო ფუქსასს ეკუთვნის. ობიექტი საკონცერტო დარბაზი და საგამოფენო ცენტრი უნდა ყოფილიყო. მასიმილიანო ფუქსასის არქიტექტურული ბიუროს ვებგვერდის თანახმად, ორი "დოქიდან" ძირითადი "დოქი" დაპროექტდა როგორც საკონცერტო დარბაზი, ხოლო მეორე როგორც "საგამოფენო ცენტრი". მისი მშენებლობა 2011 წელს დაიწყო და სახელმწიფო ბიუჯეტიდან 75 მილიონი ლარი დაიხარჯა.
2012 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, “ქართულმა ოცნებამ” “რიყის დოექებს” ფუნქცია ვერ მოუძებნა და 14 წელი ის უფუნქციოდ იყო.
ამ დროის განმავლობაში, ის ორჯერ გაიყიდა - ამჟამინდელი მფლობელია კომპანია "რიყე დომ", რომელიც 2025 წლის 25 აპრილს დარეგისტრირდა. 2025 წლის 6 მაისს საქართველოს მთავრობამ გამოსცა განკარგულება, რომლითაც საპრივატიზაციო ვალდებულება შეიცვალა. ობიექტის სამომავლო დანიშნულებების ჩამონათვალს დაემატა სასტუმროს მოწყობაც. მიმდინარე წლის 13 ივლისს კი, რიყის დოქების დემონტაჟზე მერიის არქიტექტურის სამსახურმა ნებართვა გასცა. ჯერჯერობით, ინვესტორს არ წარუდგენია პროექტი, რა სახით იგეგმება რიყის პარკში მდებარე მიწის ნაკვეთის განვითარება, რამდენსართულიანი იქნება ახალი სასტუმრო, რა მოცულობის ინვესტიცია განხორციელდება მასში და რომელი ბრენდის სახელით მოხდება მისი ოპერირება.




























