მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რკენა“ – ახალი ქართული MMA ორგანიზაცია Setanta Sports-ის მხარდაჭერით საქმიანობას იწყებს

რკენა

საქართველოში ახალი MMA ორგანიზაცია „რკენა“ დაფუძნდა, რომლის მთავარი მხარდამჭერი საერთაშორისო სპორტული მედია პლატფორმა Setanta Sports გახლავთ. ორგანიზაცია 2025 წელს შეიქმნა და მისი მიზანია ახალი ტალანტების აღმოჩენა, მათი განვითარება და საერთაშორისო არენაზე გასვლისთვის მომზადება.

როგორც „რკენას“ მმართველმა პარტნიორმა და Setanta Sports-ის პლატფორმების მართვის ხელმძღვანელმა გიორგი დოდელიამ BMGtv-ის გადაცემაში "ბიზნესის კვირეული" განაცხადა, ორგანიზაციის შექმნა განპირობებულია იმ ტალანტითა და პოტენციალით, რაც საქართველოში და რეგიონში არსებობს.

„უდიდესი ტალანტი და პოტენციალი გვაქვს როგორც საქართველოში, ისე მის მიღმა. წლების განმავლობაში Setanta-ში დიდი სამუშაო გავწიეთ, რათა MMA კულტურა პოპულარული გამხდარიყო. დღეს ყველაფერი მზადაა იმისთვის, რომ შევქმნათ ახალი ორგანიზაცია, რომელიც გახდება ხიდი ქართველ მებრძოლებსა და ისეთ გლობალურ ბრენდებს შორის, როგორებიცაა UFC, PFL და One Championship“, - განაცხადა გიორგი დოდელიამ.

მისი თქმით, ორგანიზაციის მთავარი პრიორიტეტია პროფესიონალი მებრძოლების აღმოჩენა და მათი მხარდაჭერა გლობალური წარმატების მისაღწევად.

„რკენას“ პირველი ღონისძიება Fight Night —29 ნოემბერს გაიმართება. ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იქნება საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი მერაბ შარიქაძე, რომელიც MMA-ში სადებიუტო ბრძოლას გამართავს. ორგანიზაციის ცნობით, შარიქაძის შესახებ მომზადდება მოკლე დოკუმენტური ფილმიც, სადაც სპორტსმენის კარიერული ტრანზიცია რაგბიდან MMA-ში სრულად აისახება.

Setanta Sports-ის აღმასრულებელი დირექტორის, ბაჩა მალაზონიას თქმით, სპორტი და ბიზნესი დღეს განუყოფელია და სწორედ ამ სინთეზმა განაპირობა ახალი მიმართულების გაჩენა.

„სპორტი დღეს არის ერთადერთი ცოცხალი კონტენტი, რომელსაც მილიარდობით ადამიანი ერთდროულად აკვირდება. ეს არის ინდუსტრია, სადაც ენგეიჯმენტი უდიდესია, შესაბამისად, მოთხოვნაც იზრდება როგორც მაყურებლისგან, ისე სპონსორებისა და რეკლამის მომწოდებლების მხრიდან. Setanta Sports ამ ეკოსისტემას აფართოებს და ამ გარემოში შემოდის ახალი, საინტერესოდ განვითარებადი ბიზნესი ‘რკენა’,“ - განაცხადა ბაჩა მალაზონიამ BMGtv-ის გადაცემაში „ბიზნესის კვირეული“.

„რკენა“ გეგმავს Fight Night-ების სერიას, რომლებიც პირველ ეტაპზე საქართველოში ჩატარდება, შემდგომ კი მიზანი უკვე საერთაშორისო ბაზარზე გასვლაა. ორგანიზაციის ხედვის თანახმად, იგი შექმნის მძლავრ ეკოსისტემას, რომელიც MMA კულტურის განვითარებას ხელს შეუწყობს როგორც საქართველოში, ისე მთლიანად რეგიონში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები