2026 წლის 17 ოქტომბერს თბილისის სპორტის სასახლე რეგიონის MMA-ის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებას უმასპინძლებს. ქართული შერეული საბრძოლო ხელოვნების ორგანიზაცია RKENA მსოფლიოს წამყვან ამერიკულ ლიგას - PFL-ს (Professional Fighters League) მასპინძლობს. ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე RKENA-ს ოფიციალური პარტნიორი დეველოპერული კომპანია Tempo იქნება.
ღონისძიების ფარგლებში მაყურებელი 15 ბრძოლას იხილავს. მთავარი ყურადღება RKENA-სა და PFL-ის ათლეტების პირდაპირ დაპირისპირებაზე იქნება მიპყრობილი, სადაც ქართველ მებრძოლებს (მათ შორის ნიკოლოზ აბრამიშვილსა და რუსლან ბოლქვაძეს) საერთაშორისო დონის მეტოქეებთან საკუთარი ძალების გამოცდის შესაძლებლობა ეძლევათ. 2025 წელს დაფუძნებულმა RKENA-მ უკვე ჩაატარა სამი ღონისძიება, ხოლო PFL-თან კოლაბორაცია ორგანიზაციისთვის საერთაშორისო მასშტაბზე გასვლის სერიოზული განაცხადია.
ტემპოსთვის RKENA-ს მხარდაჭერა ლოგიკური ნაბიჯია, რადგან პროექტის ირგვლივ არსებული მთავარი პრინციპები - პროგრესი, ახალგაზრდა სპორტსმენების პროფესიული განვითარება და პასუხისმგებლობიანი მიდგომა ადგილობრივი სპორტული ეკოსისტემის მიმართ - ორივე ორგანიზაციისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია.
ტემპოსა და RKENA-ს თანამშრომლობა მიზნად ისახავს არა მხოლოდ კონკრეტული ღონისძიების მხარდაჭერას, არამედ რეგიონში MMA-ის კულტურის განვითარებასა და ქართველი ათლეტებისთვის გლობალური შესაძლებლობების შექმნას. 17 ოქტომბერს სპორტის სასახლეში დაგეგმილი ღონისძიება ამ პარტნიორობის პირველი მსხვილი გამოცდა იქნება.























