მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რკინიგზამ 45 ახალი ელმავლის შესასყიდად $350 მილიონის საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა

ბაქო-თბილისი-ყარსი რკინიგზა

„საქართველოს რკინიგზამ“ 45 ახალი მაგისტრალური სატვირთო ელმავლის შესყიდვის მიზნით საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. პროექტის საერთო ღირებულება 350 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტია ლარში, რაც დაახლოებით 1 მილიარდ ლარს შეადგენს.

კომპანიის ცნობით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში „საქართველოს რკინიგზა“ ახალ მაგისტრალურ სატვირთო ელმავლებს პირველად შეისყიდის.

პროექტი ხორციელდება „ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის - საქართველოს ხელმისაწვდომობისა და ტრანსპორტის გაუმჯობესების პროექტის“ ფარგლებში, მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით. სატენდერო პროცესი უშუალოდ მსოფლიო ბანკის შესყიდვების პროცედურების შესაბამისად მიმდინარეობს.

უწყებაში აცხადებენ, რომ ახალი ელმავლების შესყიდვა რკინიგზის 10-წლიანი განვითარების სტრატეგიის ნაწილია და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს „შუა დერეფნის“ განვითარებისა და ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდისთვის.

ახალი ელმავლების შესყიდვასთან ერთად, პროექტი ითვალისწინებს ხაშურში, „საქართველოს რკინიგზის“ კუთვნილ ტერიტორიაზე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ელმავლების ტექნიკური მომსახურების ახალი დეპოს მშენებლობასაც.

პროექტის დეტალები

მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული შესყიდვა უფრო ფართო, 751-მილიონიანი პროექტის ნაწილია, საიდანაც 387 მილიონი დოლარი უშუალოდ სარკინიგზო ინფრასტრუქტურასა და პარკის განახლებაზე მიიმართება, ხოლო 336 მილიონი დოლარი საგზაო ინფრასტრუქტურაზე.

სარკინიგზო კომპონენტიდან 350 მილიონი დოლარი სწორედ 45 ახალი ლოკომოტივის შესყიდვას მოხმარდება. შესაბამისად, ერთი ერთეულის სავარაუდო ფასი დაახლოებით 7.78 მილიონ დოლარს (20.7 მილიონ ლარს) შეადგენს. ამ თანხას თანაბრად (175-175 მილიონი დოლარით) აფინანსებენ მსოფლიო ბანკი და აზიის განვითარების ბანკი.

დარჩენილი $37-მდე მილიონი დოლარიდან:

  • 10 მილიონი დოლარი მოხმარდება მაღალი ძაბვის ქვესადგურების მოდერნიზებასა და ახლის მშენებლობას, ახალი ელმავლების სტაბილური ენერგომომარაგებისთვის;
  • 27.23 მილიონი დოლარი გათვალისწინებულია ინსტიტუციური გაძლიერებისთვის (თანამშრომელთა გადამზადება, ERP სისტემის განახლება, ESG ანგარიშგება და სტრატეგიული დოკუმენტების მომზადება);
  • პროექტი ასევე მოიცავს დაახლოებით 65 კილომეტრი სარკინიგზო მონაკვეთის რეაბილიტაციას.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ამჟამად „საქართველოს რკინიგზის“ მფლობელობაში არსებული 99 ლოკომოტივიდან ექსპლოატაციაში 91 იმყოფება (66 ელმავალი და 25 დიზელის). აქტიური ლოკომოტივებიდან 78 ერთეული 35 წელზე მეტი ხნისაა, რაც ვერ უზრუნველყოფს მძიმე სატვირთო შემადგენლობების ეფექტიან მომსახურებას.

ახალი ელმავლების შესყიდვის შედეგად მოსალოდნელია:

  • ტექნიკური მომსახურების დროის შემცირება დაახლოებით 84%-ით;
  • სატვირთო მატარებლების ტვირთამწეობის გაზრდა საშუალოდ 2,100 ტონიდან 3,000 ტონამდე;
  • ძირითად მარშრუტზე გადაადგილების დროის შემცირება 36-დან 30 საათამდე.

ჩაშლილი რუსული ტენდერი და შეხვედრები Alstom-თან

მანამდე, 2023 წლის ნოემბერში, „საქართველოს რკინიგზამ“ 10 ლოკომოტივის შესყიდვაზე 184 მილიონი ლარის (80 მლნ დოლარის) ტენდერი გამოაცხადა, სადაც გამარჯვებულად რუსული კომპანია „Уральские локомотивы“ გამოვლინდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც კომპანიის 50%-ის მფლობელი რუსული „Sinara Holding“-ი აშშ-მა დაასანქცირა, 2024 წლის აგვისტოში საქართველოს რკინიგზამ აღნიშნული ხელშეკრულება შეწყვიტა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტენდერი რეგიონში მსოფლიო ბანკის ეგიდით უკრაინაშიც ჩატარდა, სადაც გამარჯვებულად ფრანგული კომპანია Alstom-ი გამოვლინდა (ერთ ლოკომოტივზე დაახლოებით 9.8 მილიონი დოლარის ღირებულებით). Alstom-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა 2025 წლის დეკემბერში საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და რკინიგზის ხელმძღვანელობასაც ჰქონდათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები