საქართველოს რკინიგზამ "ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროსთან" გააფორმა $17 მილიონის ღირებულების კონტრაქტი, რომლითაც ახალი სარკინიგზო ხაზის 8.3-კილომეტრიანი გვირაბის უსაფრთხოების სისტემით აღჭურვის პროცესი უნდა დასრულდეს. შესაბამისი ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
საუბარია საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტზე, რომელიც 2011 წელს დაიწყო და ის სრულად დღემდე არაა გახსნილი. პროექტის ფარგლებში ჯერ კიდევ 2017 წელს გაიჭრა 8.3 კილომეტრის სიგრძის გვირაბი, თუმცა ეს გვირაბი დღემდე არაა აღჭურვილი უსაფრთხოების სისტემებით, რაც სამგზავრო მატარებლების მიმოსვლის დაწყებისთვის არის აუცილებელი.
საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, ახალი მონაკვეთის გახსნა შესაძლებელს გახდის სამგზავრო მატარებლების მოძრაობის სიჩქარე არსებული 80 კმ/სთ-დან 120 კმ/საათამდე გაიზარდოს, ხოლო უშუალოდ უღელტეხილის ახალ მონაკვეთზე გადაადგილების სიჩქარე 50 კმ/სთ-დან 80 კმ/სთ-მდე გაიზრდება. შედეგად, საქართველოს რკინიგზის წლიური ტექნიკური გამტარიანობა 27 მილიონი ტონიდან 48 მილიონ ტონამდე გაიზრდება. საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოები 2025 წლის ნოემბერში უნდა დასრულდეს, თუმცა იქამდე შესაძლებელი იქნება დაიწყოს სატვირთო მატარებლების მოძრაობა. BMG-იმ საქართველოს რკინიგზას მიმართა კითხვით თუ როდის გაიხსნება აღნიშნული ხაზი სატვირთო მიმოსვლისთვის, თუმცა სახელმწიფო კომპანიისგან პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.
საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის სამშენებლო კონტრაქტორია ”ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი“, რომელთანაც სამშენებლო ხელშეკრულება ჯერ კიდევ 2011 წლის 12 აგვისტოს გაფორმდა და მისი ღირებულება 249 მილიონ შვეიცარიული ფრანკია. პროექტს ტექნიკურ ზედამხედველობას ავსტრიულ-გერმანული კონსორციუმი ILF და გერმანიის სახელმწიფო რკინიგზა (Deutsche Bahn) უწევენ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 17 მილიონი დოლარით კონტრაქტორმა კომპანიამ - ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურომ 8.3-კილომეტრიან, #9 გვირაბში შემდეგი სამუშაოები უნდა შეასრულოს:
- სახანძრო-სამაშველო მოდულის შეძენა და მისი სტრატეგიული განთავსება უახლოეს სადგურში.
- გვირაბის ვენტილაციის სისტემის მონტაჟი.
- უსაფრთხო არეალის შექმნა გვირაბში, რაც გულისხმობს 27 გასასვლელის ამოშენებას ცეცხლგამძლე მასალით ორივე მხრიდან.
- სპეციალური კარებების მონტაჟი 54 სტრატეგიულ წერტილში.
- ხანძარსაწინააღმდეგო პუნქტების მოწყობა გვირაბის პორტალებთან.
- მრავალფეროვანი განათების სისტემების ინსტალაცია.
- საევაკუაციო ნიშნების განთავსება.
- ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟება.
- კვამლის კონტროლის მექანიზმების იმპლემენტაცია.
- ავარიული რადიოკავშირის სისტემის მოწყობა.
- ცენტრალიზებული მართვის სისტემების დანერგვა.
"პროექტის მაღალი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის 2024 წლის 24 ოქტომბრის #1545 განკარგულებით, საქართველოს რკინიგზას ეთხოვა მე-9 გვირაბში ჩასატარებელი უსაფრთხოების სისტემის მონტაჟისთვის/მშენებლობისთვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება არაუგვიანეს 2025 წლის 16 ნოემბრისა,”- ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
პროექტის ფარგლებში აშენებული გვირაბებია:
- IX გვირაბი - სიგრძე 8300 მ - სწორედ ამ გვირაბის სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება პროექტის დასრულების ვადის 2025 წლის ნოემბრამდე გადაწევა.
- VIII გვირაბი - სიგრძე 1130 მ
- VII გვირაბი - სიგრძე 2150 მ
- XI გვირაბი - სიგრძე 860 მ
- XII გვირაბი - სიგრძე 1095 მ
- X გვირაბი - სიგრძე 975 მ