მას შემდეგ, რაც რკინიგზელებმა გაფიცვა დაანონსეს, „საქართველოს რკინიგზამ“ განცხადება გაავრცელა. ადმინისტრაცია ამბობს, რომ ხელფასების 50%-ით მატების მოთხოვნა არარეალურია და ისინი მზად არიან 2020 წლის 1 მარტიდან იმ რკინიგზელთა ხელფასები, რომელიც არ აღემატება 1500 ლარს, 10%-ით გაზარდონ.
როგორც bm.ge-თან რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წევრი, ილია ლეჟავა აცხადებს, რკინიგზის ადმინისტრაციას ამ განცხადებით ახალი არაფერი უთქვამს და პროფკავშირისთვის აქამდეც ცნობილი იყო მათი შეთავაზების შესახებ.
„სწორედ მათ ამ პოზიციას მოჰყვა აღშფოთება და ამიტომ დავიწყეთ კოლექტიური შრომითი დავა. ეს ჩვენთვის მიუღებელია და რა თქმა უნდა არ ავყვებით მათ წინასაარჩევნო კამპანიას. ეს არის ცალსახად შეუთანხმებელი გადაწყვეტილება, რაზეც არ არიან რკინიგზელები თანახმა“-აცხადებს ლეჟავა.
მისი თქმით, რკინიგზის ადმინისტრაციამ კარგად იცის, რომ შესაძლოა ისინი ხელფასების 10-15%-იან მატებაზეც იყვნენ თანახმა, თუმცა 50%-ის ფარგლებში უნდა ყოფილიყო მოლაპარაკება, რაზეც რკინიგზამ უარი განაცხადა და დაარღვია კიდეც კანონი, როცა უარი თქვა პროცესში მედიატორის ჩართვაზე.
რკინიგზელები მოითხოვენ ადმინისტრაცია დღესვე დაელაპარაკოს თანამშრომლებს. 10 აგვისტოს პროფკავშირის გამგეობს სხდომაზე ისინი უკვე გეგმავენ გაფიცვის კონკრეტულ დროზე იმსჯელონ.
„100 კაციც რომ გაიფიცოს, რკინიგზას მოუწევს გაჩერება“-აცხადებს ლეჟავა.
შეგახსენებთ, პროფკავშირების ინფორმაციით. „საქართველოს რკინიგზის“ 4800 თანამშრომელი მასშტაბური გაფიცვისთვის ემზადება. ისინი ხელფასების 50%-ით მატებას მოითხოვენ.
მათ საპასუხოდ დღეს განცხადება "საქართველოს რკინიგზამ გაავრცელა.
"დასაქმებულთა იმ კატეგორიას, რომელთა ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება, ხელფასი ემატება 10%-ით. რაც წლიურად დაახლოებით 18-20 მილიონ ლარს შეადგენს და ეს ამ ეტაპზე, ის მაქსიმუმია რისი ფინანსური რესურსიც გამოიძებნა. ამასთანავე, უკლებლივ ყველა რკინიგზელს საჩუქრის სახით, წელიწადში 2-ჯერ ფიქსირებული თანხა გადაეცემა.
ხელფასების 50%-იანი მატების მოთხოვნა და/ან განხილვა არარეალურ, პოპულისტურ საკითხს წარმოადგენს და ვინაიდან თითოეულმა რკინიგზელმა ზედმიწევნით კარგად იცის კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებები, რომ დაახლოებით 4800 რკინიგზელი გაფიცვისათვის ემზადება. მეტიც, “რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი” აერთიანებს 400-მდე წევრს და მას არ გააჩნია ლეგიტიმაცია სრული კოლექტივის სახელით ისაუბროს და მით უფრო დააანონსოს გაფიცვები, შეუსრულებადი მოთხოვნების საპირისპიროდ.
ამასთან, გაფიცვის არავითარი წინაპირობა ამ ეტაპისათვის არ არსებობს, რადგანაც წლების განმავლობაში პირველად ხდება ხელფასების საყოველთაო მატება და თავად „რკინიგზელთა ახალი პროფკავშირიც“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ 10 აგვისტოს გამგეობის სხდომაზე განიხილავენ გაფიცვის ფორმას და დროს.
კიდევ ერთხელ განმვარტავთ – ნებისმიერ ლოგიკურ მოთხოვნასთან დაკავშირებით კომპანიის მენეჯმენტი მოლაპარაკებებს მართავს და საუბრობს თანამშრომლებთან, თუმცა ხელფასების 50%-იან მატებასთან დაკავშირებით დანიშნულ მედიაციის პროცესში მონაწილეობა რომ ყოველგვარ აზრს მოკლებულია, ამასთან დაკავშირებით საჯარო განცხადებები მედია სივრცეში უკვე გაკეთდა. ასევე აღსანიშნავია, რომ „საქართველოს რკინიგზას“ ოფიციალური შეტყობინება მედიაციის კონკრეტულ თარიღთან დაკავშირებით არ მიუღია.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 1 მარტიდან, „საქართველოს რკინიგზის“ ყველა თანამშრომელს, ვისი ხელფასიც არ აღემატება 1500 ლარს, ანაზღაურება 10 % -ით გაეზრდება. ამასთანავე, უკლებლივ ყველა რკინიგზელზე, წელიწადში 2-ჯერ ფიქსირებული თანხის ოდენობით ფულადი საჩუქარი გაიცემა"-ნათქვამია განცხადებაში.

























