„სახელმწიფო კომპანიების პრივატიზების შესახებ ცოტა ხანში გაიგებთ“, - ასე პასუხობს ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია სახელმწიფო კომპანიების პროვატიზებასთან დაკავშირებით bm.ge-ის კითხვას.
გიორგი ქობულია აცხადებს, რომ „საქართველოს ფოსტის“ პროვატიზებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.
რაც შეეხება „საქართველოს რკინიგზას“ და „სახელმწიფო ელექტროსისტემას“, აღნიშნულ კომპანიებთან დაკავშირებით მსჯელობა გუნდში ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
„ამ ეტაპზე ჩვენ ვართ კონსულტაციების პროცესში ბიზნესთან, აგრეთვე კომპანიებთან და მთავრობის სტრუქტურებთან. როგორც დავაანონსეთ, „საქართველოს ფოსტის“ პრივატიზების შემთხვევაში, პრაქტიკულად მზად ვართ. რაც შეეხება სხვა კომპანიებს, ჯერჯერობით, შიდა კონსულტაციებია ანალიზის დონეზე, ცოტა ხანში გაიგებთ“, -აცხადებს გიორგი ქობულია.
შეგახსენებთ, ეკონომიკის მინისტრმა დაანონსა, რომ იგეგმება „საქართველოს რკინიგზის“ რეორგანიზაცია და მოძრავი შემადგენლობისთვის კერძო ოპერატორების შემოყვანა. კერძო ოპერატორების დაშვებას განიხილავს მინისტრი „სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შემთხვევაშიც.
სახელმწიფო კომპანიების პრივატიზების გეგმებზე ეკონომიკის მინისტრმა Bloomberg-თან ინტერვიუში ისაუბრა.
ასევე, რკინიგზის 25%-ის გასხვისებაზე წერს სარეიტინგო სააგენტო Fitch-იც.
კერძოდ, საშუალოვადიან პერიოდში Fitch საქართველოს რკინიგზის მფლობელის ცვლილებას არ ელოდება, თუმცა წერს, რომ მთავრობას კომპანიის 25%-ის გასხვისება აქვს გადაწყვეტილი.