მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რკინიგზის გენდირექტორი: "2018 წელს რკინიგზის ტვირთბრუნვის კლების ტრენდი შემცირდა"

5c5072a48a3ae
ელენე გოგბერაშვილი
29.01.19 20:20
1124
საქართველოს დერეფანში ტვირთბრუნვა უკვე ზედიზედ რამდენიმე წელია მცირდება. წლებია მცირდება საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვაც.

2017 წელს საქართველოს რკინიგზამ 10 მილიონ 67 ათას 568 ტონა ტვირთი გადაზიდა, რაც 2016 წლის მაჩვენებელზე 10%-ით ნაკლებია.

„საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე bm.ge-თან აცხადებს, რომ 2018 წელს ტვირთბრუნვის კლების ტენდენცია შემცირებულია და ის 10 მილიონ ტონა მაჩვენებელზე ფიქსირდება.

„კლების ტრენდი შემცირებულია და გაჩერებულია 10 მლნ ტონაზე. წელს ვგეგმავთ, რომ ტვირთბრუნვა გაიზარდოს, განსაკუთრებით საუბარია მშრალ ტვირთებზე (მათ შორის ქვანახშირი, ხორბალი, კარბამიდი) ცენტრალური აზიიდან.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელი იყო რეკორდული კონტეინერების მიმართულებით. 302% იყო ზრდა ჩვენს დერეფანში ჩინეთიდან ევროკავშირის მიმართულებით. საკმაოდ პოზიტიურად ვუყურებთ ამ ყველაფერს და ვგეგმავთ მომავალ წელს იქნას ზრდის ახალი ტენდენცია“, - აცხადებს დავით ფერაძე.

„საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი ამბობს, რომ გეგმავენ ტვირთბრუნვის ტრენდი 10 მლნ ტონიდან 12 მლნ ტონამდე გაზარდონ.

რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ტვირთბრუნვის შემცირების მიზეზად მისი წინამორბედის და ამჯამად პრემიერ მინისტრის, მამუკა ბახტაძის მსგავსად, ნავთობის გადაზიდვის შემცირება დაასახელა და თქვა, რომ წლების წინ ნავთობის ტრანსპორტირება თუ რკნიგზის საშულებით ხდებოდა, დღეს ეს ნაკადი მილსადენებში გადის და ამ გზით სახელმწიფო იღებს შემოსავალს.

ფერაძემ ისიც თქვა, რომ აქცენტს რკინიგზა ამიერიდან მშრალ ტვირთებზე გააკეთებს. მოდერნიზების შემდეგ კი ვარაუდობენ, რომ რკინიგზის გამტარუნარიანობა 27 მლნ ტონიდან 100 მილიონ ტონამდე გაიზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები