საქართველოში წარმოებული ბავშვის სამოსის ბრენდის "რკოს" მმართველ გუნდს სამაგიდო თამაშების მწარმოებელი კომპანიის "თამაშობანას" დამფუძნებლები ნინი ჩიქოვანი და ნია სონღულაშვილი შეუერთდნენ - ამის შესახებ "რკოს" დამფუძნებელმა თამარ მესარკიშვილმა BMG-სთან ინტერვიუში განაცხადა.
"რკო" ნოემბერში 7 წლის გახდება, შესაბამისად, მოვიდა ცვლილებების დრო, საჭიროა ბრენდი განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდეს, სწორედ ამიტომ შემოვიტანეთ ცვლილება და ჩვენს გუნდს "თამაშობანას" დამფუძნებლები ნინი ჩიქოვანი და ნია სონღულაშვილი შემოუერთდნენ, ჩვენ ერთობლივი ძალებით გავაგრძელებთ ბრენდის განვითარებას, მომხმარებელს ძალიან ბევრ სიახლეს ვპირდებით, რომელიც ეტაპობრივად დაანონსდება", - აღნიშნა მან.
დამფუძნებლის ინფორმაციით, მათ მიერ წარმოებული საბავშვო სამოსის 80% ექსპორტზე საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, ჩინეთში, ამერიკაში, გერმანიაში, იაპონიასა და ახლა უკვე აშშ-ში გადის.
"ჩვენ გავაგრძელებთ ექსპორტის კუთხით მუშაობას, ვინაიდან ჩვენი პროდუქცია, ძირითადად ექსპორტისთვის მზადდება, თუმცა, ახალ დამფუძნებლებთან ერთად ვაპირებთ არსებული ბაზრის უფრო მეტად გააქტიურებას და გაყიდვების გაზრდის მიმართულებით, ახალი კოლექციის დამატებას", - დასძინა მესარკიშვილმა.
ცნობისთვის: ბავშვის სამოსის ბრენდი “რკო” 2016 წელს დაარსდა, ბრენდი ბავშვის ყველანაირ ტანსაცმელსა და აქსესუარებს - ქუდებს, ხელთათმანებს, ჩანთებსა და ნაქარგიან საყელოებს კერავს. დასაქმებულთა რაოდენობა შეკვეთების რაოდენობაზეა დამოკიდებული, ხანდახან ეს რიცხვი 80-ს აღწევს. ბრენდის პროდუქციის შეძენა შესაძლებელია “რკოს” ე.წ. შოუ რუმში, რომელიც ბარნოვის N94-ში მდებარეობს და ბრენდის სოციალური ქსელების მეშვეობით.