მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

RMG სამ წელში გარემოს დაცვითი სამუშაოებისთვის 30 მილიონის დახარჯვას გეგმავს

5b7c08e9f3dc2
BM.GE
21.08.18 17:00
801
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან არსებულმა ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელმა სამუშაო ჯგუფმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავასთან ერთად გამართა შეხვედრა კომპანია RMG-ის (RMG Copper და RMG Gold) წარმომადგენლებთან. მხარეები კომპანიაზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებისათვის გაწეულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.

კომპანია RMG-ის 2018 წლის გაზაფხულზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გარემოს დაცვითი ღონისძიებების როგორც გრძელვადიანი, ასევე მოკლევადიანი ვალდებულებები დაეკისრა. დაკისრებული ვალდებულებების გათვალისწინებით, მიმდინარე წელს დაგეგმილი პროექტების უმეტესობა წყალდაცვით ღონისძიებებს უკავშირდება. სპილენძის კუდსაცავზე, საიდანაც მდინარე კაზრეთულას დაბინძურება ხდებოდა, სამინისტროს მიერ გაცემული ერთ-ერთი ვალდებულების თანახმად, წყლის შემკრები რეზერვუარებისა და სატუმბი სისტემის მშენებლობა მიმდინარეობს.

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, კომპანიის საქმიანობას სახელმწიფო მუდმივ მონიტორინგს გაუწევს.

„საქმიანობა დაწყებულია და კომპანიის მიერ განსაზღვრულია ვადებიც. ახლო მომავალში პარლამენტში გვექნება სამუშაო შეხვედრა კომპანიის წარმომადგენლებთან, სადაც უკვე კითხვა-პასუხის რეჟიმში ვისაუბრებთ თუ რა კეთდება და როგორი ეფექტი ექნება ამას გარემოს დაცვის კუთხით“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

გარემოსდაცვითი ღონისძიებების მოკლე პრეზენტაციის დროს, ასევე, მოგვიანებით, ტერიტორიაზე დაწყებული პროექტების დათვალიერებისას, "საყდრისის კომიტეტის“ წევრებს ჰქონდათ მწვავე შენიშვნები, რაზეც გაიმართა მსჯელობა.

„დაპირებები არის, დაწყებულია გარკვეული პროექტები. რამდენად ეფექტიანი და შედეგიანი იქნება ეს პროექტები ამას სექტემბრის ბოლოს, ოქტომბერში ვნახავთ“, - განაცხადა „საყდრისის კომიტეტის“ თავმჯდომარემ, ნინო ბურჭულაძემ.

2018 წლის 3 აპრილს საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, დაბა კაზრეთში გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებული საკითხის განხილვის შემდგომ შეიქმნა კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფი. რომელიც შედგება არასამთავრობო ორგანიზაციებისგან: „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ და „მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი და სამეცნიერო - კვლევითი პლატფორმები“. მათი მუშაობის შედეგად შედგა ზემოაღნიშნული შეხვედრა და სამომავლო ნაბიჯების დაგეგმვა მომპოვებელი კომპანიის მიერ გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარების კუთხით.

RMG-ის აღმასრულებელი დირექტორის, ჯონი შუბითიძის განცხადებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ წლის ბოლომდე გაწერილი გარემოსდაცვითი ყველა ღონისძიება შესრულებული იქნება. სამი წლის მანძილზე კი კომპანია გარემოს დაცვითი სამუშაოებისთვის 30 მილიონ ლარს დახარჯავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები