IP არის ინტერნეტში ჩართული მოწყობილობის, სმარტფონისა თუ კომპიუტერის უნიკალური იდენტიფიკატორი, მისი ციფრული მისამართი. თქვენ მიერ მონახულებული ვებგვერდები ინახავენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა მისამართებიდან განხორციელდა მათთან ვიზიტები. ცალკეულ შემთხვევაში, მათ ე.წ. cookies-ის მეშვეობით შეუძლიათ დაადგინონ არამარტო თქვენი მისამართი, არამედ ვინაობაც, თუ ინფორმაციას Facebook-ის ან Google-ის ანგარიშების შესახებ მიიღებენ.
დღეს პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის 2018 წლის ანგარიში გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთი ორგანიზაცია ე.წ.”პრობლემური” მსესხებლების მოძიების მიზნით, მომხმარებელთა IP მისამართებს ამუშავებდა.
“ერთ-ერთი განცხადების განხილვის ფარგლებში დადგინდა, რომ ორგანიზაცია ე.წ. „პრობლემური“ მსესხებლების მოძიების მიზნით ამუშავებდა კლიენტების მიერ გამოყენებულ IP მისამართებს. კერძოდ, ორგანიზაცია ინახავდა იმ IP მისამართებს, რომელთა გამოყენებითაც მომხმარებელი რეგისტრირდებოდა ორგანიზაციის ვებგვერდზე და ავსებდა სესხის განაცხადს. ორგანიზაციის პროგრამულ სისტემაში დაფიქსირდა, რომ განმცხადებელმა და მსესხებელმა სხვადასხვა დროს სესხის განაცხადის გაგზავნისას გამოიყენეს ერთი და იგივე IP მისამართი. სწორედ ამ ინფორმაციის საფუძველზე დააკავშირა ორგანიზაციამ განმცხადებელი(მომჩივანი) მსესხებელთან და დაუკავშირდა განმცხადებელს.
(პერსონალურ მონაცემთა დაცვის აპარატში მომჩივანის) განმცხადებლის მითითებით, მსესხებელი არ იყო მისი ოჯახის წევრი ან/და ნათესავი. განხილვის ფარგლებში დადგინდა, რომ ორგანიზაცია მონაცემთა სუბიექტებს სათანადო ინფორმაციას არ აწვდიდა: განმცხადებლისგან გარკვეული კატეგორიის მონაცემების კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე მიღებული ჰქონდა თანხმობა, თუმცა არა IP მისამართის მითითებული მიზნით დამუშავებაზე; ამასთან, ორგანიზაციას არც სხვა ფორმით მოუხდენია ინფორმირება IP მისამართის მითითებული მიზნით დამუშავების შესახებ. მომხმარებლის თანხმობისა და ინფორმირების არარსებობის ფირობებში, ორგანიზაციამ ვერ დაასაბუთა განმცხადებლის მიერ გამოყენებული IP მისამართის დამუშვების აუცილებლობა კომპანიის კანონიერი ინტერესების დასაცავად,”- წერია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ანგარიშში.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს ერთ-ერთი კომერციული ბანკიდან თანამშრომლები მათი პერსონალური ინფორმაციის მოძიების შედეგად, კონკრეტულად კი აზარტულ თამაშებში ჩართულობის შესახებ ინფორმაციის შეგროვების შედეგად გაათავისუფლეს.

























