მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"როდესაც რამდენიმე იურისტი საუბრობს კორუფციის ნიშნებზე, ე.ი პრობლემას უკვე ტენდენციის სახე აქვს"

5bcdc6210e04d
ელენე ჩომახიძე
22.10.18 16:43
1087
„საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ზვიად კორძაძემ „საქმიანი დილა“-ს ეთერში საქართველოში კორუფციის ნიშნების არსებობაზე ისაუბრა. პრაქტიკოსი ადვოკატის განმარტებით, იგი საადვოკატო საქმიანობას 23 წელია ეწევა და ის პერიოდიც კარგად ახსოვს, როცა კორუფცია ქვეყანაში ყვაოდა. კორძაძის თქმით, შემდეგ იყო გარკვეული პერიოდი, როდესაც კორუფციაზე საუბრები შეწყდა და სასამართლოსთან სხვა ტიპის პრეტენზიები ჰქონდათ ადამიანებს, თუმცა ახლა ამ თემაზე საუბრები ისევ გააქტიურდა, რაც ძალიან ცუდი ნიშანია, ამიტომ ადვოკატის შეფასებით, ამ თემას სჭირდება სწრაფი რეაგირება.

„საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციაში“ 30 იურიდიული ფირმაა გაერთიანებული. აღნიშნულ ფირმებს შორის საქართველოში კორუფციის ნიშნებთან დაკავშირებით ინფორმაციის გაცვლა უკვე აქტიურად მიმდინარეობს და როდესაც არა ერთი, არამედ რამდენიმე იურისტი საუბრობს ამაზე, ე.ი პრობლემას უკვე ტენდენციის სახე აქვს. თუ კორუფციის საკითხმა ტენდენციის სახე მიიღო აზრს დაკარგავს არამარტო სასამართლო სისტემა, არამედ ზოგადად ქვეყანა დაიხევს უკან, ამიტომ ამ თემას სჭირდება სწრაფი რეაგირება.“- აცხადებს ზვიად კორძაძე.

ზვიად კორძაძის განმარტებით, როდესაც იგი სასამართლოში კორუფციის ნიშნებზე საუბრობს, კონკრეტული პირებისა თუ ორგანიზაციის დასახელებისგან თავის შეკავება არ ნიშნავს იმას, რომ ადვოკატის ნარატივი ზოგადია. როგორც „სიფა“-ს თავმჯდომარე განმარტავს მას თავისი დაცვის ქვეშ მყოფი პერსონალიებისგან ვინაობის გამხელის ნებართვა არ აქვს, თორემ პრობლემა ძალიან კონკრეტული და ძალიან აქტუალურია. კორძაძის თქმით ნებართვა იმიტომ, არ აქვს, რომ მარწმუნებლებს ეშინიათ, რომ თუკი საკუთარ საქმეზე და კონკრეტულ პრობლემაზე საჯაროდ ისაუბრებენ, ამით მათი პრობლემა კი არ მოგვარდება, არამედ შეიძლება პირიქით - გაუარესდეს კიდეც.

„მე თქვენ გეტყვით ერთერთ მთავარ კრიტერიუმს, რის მიხედვითაც ვხვდებით, რომ საქმეში რაღაც ნორმაში არ არის. უბრალოდ წაიკითხეთ გადაწყვეტილებები. როდესაც გადაწყვეტილების გამოტანისას მოსამართლე თავისუფალია და ასაბუთებს ყველაფერს კანონიდან გამომდინარე, ცხადია ჩვენ ეჭვები არ გვიჩნდება, მაგრამ როცა მოსამართლე ყურით მოთრეულ არგუმენტებს იშველიებს და უფრო მეტად ახსნა-განმარტებებს ეყრდნობა, ვიდრე მტკიცებულებებს, რასაკვირველია ეს ბადებს ჩვენში, ადვოკატებში ეჭვებს.“
როგორც ზვიად კორძაძემ „საქმიან დილა“-ს განუცხადა, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ხელისუფლების დანაწილების პრინციპი ჩამოყალიბდა, სასამართლო სისტემის ფუნქცია განისაზღვრა იმისთვის, რომ განიმუხტოს ყველანაირი კრიზისი, რომელიც ქვეყანაში შეიქმნება და ეს მხოლოდ სამართლებრივ კრიზისს არ ეხება. კორძაძის განცხადებით ქვეყანაში საჭიროა, რომ სასამართლოს ნდობის ხარისხი იყოს უმაღლესი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები