ირაკლი მაჭარაშვილი საქართველოს ბანკის სტიპენდიატია ფულბრაიტის საგანმანათლებლო პროგრამაში. მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ამბობს, რომ ფულბრაიტი შესაძლებლობაა, რომელიც ყველამ აუცილებლად უნდა გამოიყენოს.
ირაკლი მაჭარაშვილი აშშ-ში მისურის უნივერსიტეტში სასწავლებლად აგვისტოში გაემგზავრა. როგორც აღნიშნავს, კულტურული შოკი არ ჰქონია, მაგრამ ბევრი რამ არის, რაც მოსწონს და ისურვებდა, საქართველოშიც ყოფილიყო.
“ყველაზე მეტად გამოვარჩევდი განათლების ინკლუზიურობას. როცა ქუჩაში დადიხარ, ძალიან თვალშისაცემია, რომ საზოგადოების ყველა წევრი მიღებული და ინტეგრირებულია უნივერსიტეტში — ადაპტირებული პანდუსები, მხარდამჭერი მესიჯები უნივერსიტეტის ტერიტორიაზე. არასტრესული გარემო. გარდა ამისა, უნივერსიტეტი ზრუნავს, რომ ზუსტად ის საგნები აირჩიო, რისი სწავლაც გინდა. გყავს აკადემიური მრჩეველი, რომელიც ამაში გეხმარება. ორი წლის გეგმას მასთან ერთად გადიხარ და კარიერულ რჩევებსაც გაძლევს”.
აღსანიშნავია, რომ ირაკლისთვის აშშ და მისი საგანმანათლებლო სისტემა უცხო არ ყოფილა. ის ფლექსის პროგრამის სტიპენდიატია, შედეგად მე-12 კლასი ამერიკაში ისწავლა. შესაბამისად, აშშ-ში სწავლის გაგრძელება წინა გამოცდილებითაც იყო განპირობებული.
ამბობს, რომ ყოველთვის იცოდა, რაღაც ეტაპზე უნდა შეევსო ფულბრაიტის აპლიკაცია და სწავლა ამერიკაში გაეგრძელებინა. ჯერ თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების ფაკულტეტზე სწავლობდა, შემდეგ სამაგისტრო საფეხურზე განათლების მენეჯმენტი აირჩია, მისურის უნივერსიტეტში კი განათლების მონაცემთა მეცნიერებებს ეუფლება.
18 წლიდან მუშაობდა განათლების სფეროში და ზუსტად იცის, რისი გაკეთება სურს და როგორ დაეხმარება აშშ-ში მიღებული ცოდნა დასახული მიზნის მიღწევაში. სწორედ ამიტომ, ფულბრაიტის პროგრამისთვის მომზადება საქართველოში მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის პარალელურად დაიწყო.
გარდა აპლიკაციის შევსებისა, რეკომენდატორების მოძიებისა და სამოტივაციო ესეებისა, საჭიროა, GRE-ის გამოცდის ჩაბარება. ამისთვის კი ორი წლის განმავლობაში პასიურად, მაგრამ მუდმივად ემზადებოდა. მომავალ სტიპენდიატებსაც ამას ურჩევს — მოიკვლიონ, გაეცნონ სხვადასხვა სპეციალობებს, ზუსტად იცოდნენ, რა სურთ და დროულად დაიწყონ აპლიკაციისთვის მზადება. წინასწარი მომზადება გასაუბრების ეტაპზეც დაეხმარებათ, სადაც 10-მდე ადამიანს უნდა აუხსნან, კონკრეტულ სპეციალობაზე სწავლის მოტივაცია და გამოწვევებისთვის მზაობა.
“ძალიან სპეციფიკური სფეროა მონაცემთა მეცნიერება და განათლება ერთად, ამიტომ ვუყურებდი ისეთ უნივერსიტეტებს, რომლებიც სიის სათავეში იყვნენ განათლების მიმართულებით და ამავდროულად ჰქონდათ რაოდენობრივი და სტატისტიკური მეთოდები. ჩემი უნივერსიტეტი ცნობილია იმით, რომ აშშ-ის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დიდი კვლევითი უნივერსიტეტია”.
ირაკლის თქმით, ქართული და ამერიკული უნივერსიტეტები ლექციების ჩატარების მეთოდებით ერთმანეთს ჰგავს, თუმცა, მათი მიდგომები განსხვავებულია. მის უნივერსიტეტში, გარდა სავალდებულო საგნებისა, მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტს თვითშემეცნებისა და კვლევის უნარები განუვითარდეს. ამიტომ გამოცდის დაწერა ერთი კვირის განმავლობაში და თანაც სახლში შეუძლიათ. მისი შეფასებით, როცა გამოცდის სტრესი მინიმუმამდეა დაყვანილი, ცოდნას უფრო ხარისხიანად და ხანგრძლივად ინარჩუნებ.
რაც შეეხება სხვა აქტივობებს, ამის ფართო არჩევანია და თავადაც სამ წრეშია გაერთიანებული — ცურვის, კრივისა და ფრენბურთის. ეს ყველაფერი კი იმის პარალელურად, რომ დღეში 4-5 საათს ბიბლიოთეკაში ატარებს. მეგობრები მარტივად შეიძინა. თანაც სტუდენტურ ქალაქში ცხოვრობს და უქმეებზე ბევრი გასართობი საშუალების პოვნაა შესაძლებელი. ირაკლის საყვარელი ადგილი კი კარაოკე ბარია.
მისი პროფესია საქართველოში არ ისწავლება, ამიტომ სფეროს სპეციალისტებიც თითზე ჩამოსათვლელი რაოდენობით არიან. სჯერა, რომ მისურის უნივერსიტეტში მიღებული ცოდნის გამოყენებას ნაყოფიერად შეძლებს.
“ბოლო დროს ძალიან გამიტაცა ხელოვნურმა ინტელექტმა. ვფიქრობ, თუ მეცოდინება, როგორ მუშაობს ხელოვნური ინტელექტი, მერე წარმატებით შევძლებ განათლების სფეროში მის ინტეგრაციას. ეს არის ძალიან ახალი სფერო, ახლა იწერება ისტორია და დარწმუნებული ვარ, რომ დიდი პერსპექტივა აქვს. მინდა, რომ საქართველოში ვიმუშაო კვლევით სფეროში და გამიხარდება, თუ მიმართულებას, რომელსაც ახლა ვსწავლობ, საქართველოში სტარტაპის სახით ჩამოვაყალიბებ”.
მათ, ვინც ფიქრობს ფულბრაიტის პროგრამაზე, ურჩევს, რომ აუცილებლად გადადგან ეს ნაბიჯი და არ შეუშინდნენ უარებს, რადგან თავადაც მეორე ცდაზე გამოუვიდა.
“აქ ყოფნით ყალიბდები იმ ადამიანად, რომელსაც ბევრი რამის აღარ ეშინია და იცის, რომ ნულიდან დაწყება შესაძლებელია”.
უკვე 10 წელია, რაც საქართველოს ბანკი ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამაში ჩაერთო და ამ დროისთვის 12-მა ახალგაზრდამ შეძლო ხარისხიანი განათლების მიღება მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში. ფულბრაიტის პროგრამაზე კონკურსი ყოველი წლის მაისში ცხადდება და გახსოვდეთ, რომ გასამარჯვებლად მხოლოდ სურვილი და სათანადო მომზადება გჭირდებათ.
ფულბრაიტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლია ეწვიო ბმულს.