საქრთველოს მთავრობის უწყებათშორისმა საბჭომ გადაწყვიტა, რომ საქართველოში შიდა ფრენები აღდგება. Bm.ge-იმ სცადა გაერკვია, როდიდან აღდგება ფრენები და რომელი მიმართულებით.
როგორც საქართველოს ავიაკომპანია „სერვისეარში“, იგივე „Vanilla Sky“-ში ამბობენ, ისინი „აეროპორტების გაერთიანებიდან“ ელოდებიან განრიგს, თუ როდიდან და რა მიმართულებით უნდა გაყიდონ ბილეთები.
„ჯერ რეისები არ დანიშნულა. გუშინ გამოცხადდა, რომ შიდა ფრენები გაიხსნება, მაგრამ ველოდებით აეროპორტების გაერთიანებისგან განრიგს, რის შემდეგაც დავიწყებთ ბილეთების გაყიდვას. საუბარი იმაზე, რომ რომელიმე მიმართულება გამოაკლდება, არ ყოფილა. ამ დროის ინფორმაციით, ვიფრენთ როგორც ბათუმში, ისე მესტიასა და ამბროლაურში და ბილეთების ფასიც, სავარაუდოდ, არ შეიცვლება. განრიგს ველოდებით უკვე ორი თვეა, ველოდებით ყოველდღე და ყოველწუთს. ჩვენ აბსოლუტურად მზად ვართ. როგორც კი განრიგი გვექნება, ფრენებს დავიწყებთ“, - აცხადებენ კომპანიაში.
რაც შეეხება „აეროპორტების გაერთიანებას“, bm.ge-ის უწყებაში უთხრეს, რომ შიდა ფრენებისთვის განრიგის შესადგენად მთავრობის დადგენილებას ელოდებიან. წინასწარი ინფორმაციით, ბილეთების გაძვირებას ან შიდა ფრენებში ცვლილებებს არ ელოდებიან.
თავის მხრივ, bm.ge-ის მთავრობის ადმინისტრაციაში განუმარტეს, რომ დადგენილება მიმდინარე კვირაში გამოქვეყნდება.