მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდიდან ამოქმედდება მესამე პირის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა? - ონოფრიშვილის პასუხი

დაზღვევა

ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის კანონპროექტი სადაზღვევო სექტორმა პარლამენტში ჯერ კიდევ 2018 წლის 31 დეკემბერს დაარეგისტრირა, თუმცა მისი განხილვა შეჩერდა და პროექტზე მუშაობა 2023 წლამდე არ განახლებულა. დოკუმენტის საბოლოო ვერსიის თანახმად, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბერში შეადგინეს, კანონის ამოქმედების შემდეგ ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი ვალდებული იქნება, სავალდებულო დაზღვევის პოლისი შეიძინოს და ყოველთვიური სადაზღვევო პრემია გადაიხადოს.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მესამე პირის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის კანონპროექტი პარლამენტმა საშემოდგომო სესიებზე უნდა განიხილოს, თუმცა 5 სექტემბრიდან დღემდე, არც ერთ სხდომაზე ეს საკითხი არ დაყენებულა.

BMG-ის კითხვას, როდის წარდგება აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტში, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, დავით ონოფრიშვილი პასუხობს.

“სამუშაო ჯგუფმა გაზაფხულიდან რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიურად იმუშავა, შემოგვიერთდა ეკონომიკის სამინისტროს დაზღვევის პოლიტიკის შესაბამისი ჯგუფიც და ძალიან აქტიური მუშაობით, კანონპროექტი პრაქტიკულად დასრულებულია. მხოლოდ მცირე, ტექნიკური ნიუანსებია დარჩენილი, რომლებიც მთავრობის კომპეტენციაა და ზუსტად არ ვიცით, როდის წარადგენენ მას”, - პასუხობს ონოფრიშვილი.

ავტომფლობელთა მესამე პირისადმი პასუხისმგებლობის დაზღვევის კანონის მიღება ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში აუცილებლად შესასრულებელი მოთხოვნაა. კანონპროექტის ბოლო ვერსიის თანახმად, მისი ამოქმედება 2024 წლიდან იგეგმება.

პარლამენტის გვერდზე გამოქვეყნებული ოფიციალური გეგმის თანახმად, აღნიშნული კანონპროექტი ნამდვილად არის ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც მთავრობა საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე საშემოდგომო სესიაზე წარადგენს, რისთვისაც ვადა დეკემბრის ბოლომდე აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები