მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როდიდან დაიწყება სოციალური შემწეობის მიმღები ოჯახების გადამოწმება

61c43ab2d23a2
მარიამ ვარადაშვილი
23.12.21 23:24
422
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია ამბობს, რომ სოციალური შემწეობის მიმღებთა სტატუსის გადამოწმების პროცესი 2022 წლიდან განახლდება. მთავრობის 2020 წლის 23 მაისის დადგენილების საფუძველზე, არ ხდება შემწეობის მიმღებთა სიაში მყოფი ოჯახების სოციალური მდგომარეობის რეგულარული გადამოწმება, თუკი ამას თავად ოჯახი არ ითხოვს.

კერძოდ, დადგენილებაში წერია, რომ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმება, არ განხორციელდება სააგენტოს ინიციატივით მიუხედავად სარეიტინგო ქულის ოდენობისა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის პირველადი ან განმეორებითი გადამოწმება მოთხოვნილია უშუალოდ ოჯახის მიერ.

“ოჯახების გადამოწმებაზე მორატორიუმი იყო გამოცხადებული. ამას თავისი მიზეზი ჰქონდა. უმთავრესი პანდემიით გამოწვეული მიზეზია, რომლის საფუძველზეც სოციალური აგენტის ოჯახში ვიზიტის პრევენცია მოხდა. ამასთან, ეს იყო ჩვენი მოქალაქეების დროებითი მხარდაჭერა, სოციალური გასაცემლების სახით, რათა ამაზე შეზღუდვა არ ყოფილიყო. მორატორიუმი წლის ბოლოს სრულდება. ეტაპობრივად, ბუნებრივია არ ვაპირებთ მყისიერი და ერთიანი გადამოწმების დაწყებას. ეტაპობრივი ნაბიჯი უნდა იყოს და ეს ისევ პანდემიაზე არის დამოკიდებული. ეტაპობრივი გადამოწმებები ბუნებრივია, 2022 წელს უკვე იქნება. ანუ 2022 წლის დასაწყისში პანდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე გადამოწმების ეტაპობრივი გეგმა შედგება”,-აცხადებს ბარკალაია BMG-თან საუბრისას. 

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, სოციალური შემწეობა ნოემბერში 637 747 მოქალაქემ მიიღო, რაც რეკორდული მაჩვენებელია. სააგენტოს ინფორმაციითვე, ნოემბერში საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახებისთვის გადარიცხულმა თანხამ 43 698 423 ლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები