მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარება უკვე რამდენჯერმე გადავადდა.
ბოლო ვადად 2019 წლის იანვარი სახელდებოდა, თუმცა საჭირო საკანონმდებლო ცვლილებები ამ დრომდე არ მიღებულა.
როგორც შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ იმედა მაკასარაშვილმა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, ზუსტი თარიღი, სავარაუდოდ, გაზაფხულზე გახდება ცნობილი.
„საკანონდებლო ცვლილებები უკვე დამუშავებულია და პარლამენტს საგაზაფხულო სესიაზე წარედგინება. სწორედ ამ ცვლილებების მიღების შემდეგ განვსაზღვრავთ ზუსტად როდის შევა ძალაში რეგულაცია და როდის დავიწყებთ რეალურ მოძრაობაში გამოცდის ჩაბარებას“, - განაცხადა იმედა მაკასარაშვილმა.
მართვის მოწმობის აღების მსურველ პირებს პრაქტიკული გამოცდის ორ ეტაპად ჩაბარება მოუწევთ. შესაბამის პირებს ვალდებულება ექნებათ, გამოცდა ჯერ ძველი სისტემით – დახურულ მოედანზე ჩააბარონ, ქალაქში – რეალურ მოძრაობაში გამოცდის ჩაბარების უფლებას კი, მხოლოდ ამის შემდეგ მოიპოვებენ.

























