შესაფუთი ნარჩენების შეგროვების რეგლამენტი 4 წლის შემდეგ კვლავ ვერ მტკიცდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის განცხადებით, რეგლამენტი, რომელიც ჯერ კიდევ 2019 წელს უნდა დამტკიცებულიყო, მუნიციპალიტეტსა და კერძო სექტორს შორის არსებული შეუთანხმებლობით გაჭიანურდა. სოლომონ პავლიაშვილს აქვს მოლოდინი, რომ შესაფუთი ნარჩენების რეგლამენტს მომავალი წლის პირველ კვარტალში მიიღებენ, ხოლო რაც შეეხება მეორეული ავტომობილების ბაზრიდან ამოღებას - აღნიშნული რეგლამენტი მინისტრის მოადგილის განცხადებით, ძალაში შესაფუთი ნარჩენების რეგლამენტზე მალე შევა. კერძო სექტორის ნაწილი ადრე აცხადებდა, რომ ამ სისტემის დანერგვა საქართველოს რეალობაში გამართლებული არ იყო, რადგან ის დიდ ინვესტიციებთან არის დაკავშირებული. კომპანია “ტენეს” დამფუძნებელი BMG-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ეს საკითხი დღეს გარკვეულწილად გადაჭრილია. მისი თქმით, ისინი მზად არიან ბაზარს ე.წ ბოთლიყლაპია აპარატები მსოფლიო ბაზარზე არსებულ ფასზე სამჯერ იაფად შესთავაზონ, შესაბამისად, დეპოზიტური სისტემის დანერგვა სექტორისთვის დიდ ხარჯებთან აღარ იქნება დაკავშირებული.