მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როდის ამოქმედდება „აგროთანადაფინანსების“ ახალი პროგრამა და რა იცვლება? - მინისტრის პასუხი

დავით სონღულაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, დავით სონღულაშვილი ამბობს, რომ სოფლის მეურნეობაში დაფინანსების მექანიზმები თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის, რაც სექტორის ეფექტურობას აამაღლებს. მან ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა.

დღეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აგროსექტორის მხარდასაჭერად ახალი სახელმწიფო პროგრამა წარადგინა.

როგორც დავით სონღულაშვილმა მედიასთან განაცხადა, არსებული აგროდაფინანსების პროექტების ნაწილი რჩება, თუმცა დაფინანსდება ერთიანი პროექტები და არა ცალკეული კომპონენტები, რასაც სოფლის განვითარების სააგენტოს უკვე არსებული ბიუჯეტი დააფინანსებს.

რაც შეეხება ვადებს, სონღულაშვილის თანახმად, ფერმერთა რეესტრი 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება, პროგრამები კი მანამდე, ეტაპობრივად.

"ჩავთვალოთ, რომ 2013 წლიდან, როდესაც დაიწყო და შეიქმნა დაფინანსების მექანიზმები სოფლის მეურნეობაში, ფაქტობრივად, იქიდან დაწყებული ერთი ეტაპი დასრულდა სოფლის მეურნეობის და თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის. პირველადი წარმოების ნაწილში შეიქმნა საბაზისო ნაწილი პირველადი დაფინანსების და დღეს თვისობრივად სახეშეცვლილი პროგრამა, დაფინანსების სტრუქტურა იყო წარმოდგენილი, რაც პირველ რიგში ითვალისწინებს კიდევ უფრო მეტ ეფექტურობას სოფლის მეურნეობის, კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს ფერმერებისთვის და კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას, გაიზარდოს საქართველოს აგროსასურსათო პროდუქციის როგორც წარმოება, ასევე გაუჩნდეს საექსპორტო პოტენციალი. იყოს კიდევ უფრო მეტად კონკურენტუნარიანი ქართული წარმოებული პროდუქცია, რადგან ეფექტურობა ფაქტობრივად პირდაპირ ხელს უწყობს თვითღირებულების გაიაფებას და ხარისხობრივ გაუმჯობესებას, რაც თავისთავად ცხადია ხელს შეუწყობს კიდევ უფრო მეტად ექსპორტის განვითარებას.

რიგი პროექტები რჩება, რა თქმა უნდა, აგროკრედიტის ნაწილში, აგროდაფინანსების ნაწილში. სისტემურად ანუ დაფინანსდება ერთიანი პროექტები და არა ცალკეული კომპონენტები. ამით ფერმერს უმარტივდება კიდევ უფრო მეტად ხელმისაწვდომობა პროგრამებზე. არ მოუწევს სათითაოდ სხვადასხვა კომპონენტებზე ცალ-ცალკე პროექტების წერა და ცალ-ცალკე დაფინანსების წყაროების მოძიება. ეს იქნება ერთიანი პროექტის ნაწილი. ბიუჯეტით განსაზღვრული ₾300 მილიონზე მეტი ჯამში სოფლის განვითარების სააგენტოს ბიუჯეტია, რაც ფაქტობრივად სრულად ამ პროგრამებზე იქნება მიმართული.

აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია ფერმერთა რეესტრის შექმნა, რაც შესაძლებლობას მოგვცემს კიდევ უფრო ზუსტი ინფორმაცია გვქონდეს რეალურ დროში მათ მიერ ნაწარმოებ პროდუქციასთან მიმართებით. ეს უფრო ანალიზის მეტ შესაძლებლობას მოგვცემს - რა მიმართულების არის გაძლიერება მნიშვნელოვანი, მეტ შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ფერმერთა საჭიროებებზე ავეწყოთ და ზუსტად ამ დაფინანსების წყაროებით და ინსტრუმენტებით კიდევ უფრო მეტად მივეხმაროთ ფერმერს და მხარში დავუდგეთ, რომ ფერმერის პროდუქცია კიდევ უფრო მეტად კონკურენტუნარიანი გახდეს და კიდევ უფრო მეტად ხარისხობრივად გაუმჯობესდეს. კანონით ფერმერთა რეესტრის ამოქმედება 1 ივლისიდან არის განსაზღვრული. მანამდე ყველა პროგრამაც ეტაპობრივად ამოქმედდება", - ამბობს მინისტრი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები