მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის ამოქმედდება მესტიაში ყოფილი საპრეზიდენტო რეზიდენციის ადგილას სასტუმრო?

5f05ba298ee1e
ვიქტორია მღებრიშვილი
08.07.20 16:48
1271
მესტიაში, ყოფილი პრეზიდენტის რეზიდენცია 2019 წლის 13 დეკემბერს 7 510 000 ლარად გაიყიდა და მისი მეპატრონე კომპანია "აიღვინისსახლის" 100%-იანი წილის მფლობელი ბენედიქტე (ბენო) ქაშაკაშვილი გახდა.

ინვესტორი, აუქციონის პირობების თანახმად, ვალდებული იყო საპრივატიზაციო თანხა 45 კალენდარული დღის ვადაში გადაეხადა, ხოლო სასტუმრო 42 თვის ვადაში აემუშავებინა.

როგორც BM.GE-სთან თავად ბიზნესმენმა ბენო ქაშაკაშვილმა აუქციონის შემდგომ აღნიშნა, სასტუმროს პროექტირებაზე მუშაობის დაწყება 2020 წლის ზაფხულში იგეგმებოდა, თუმცა პანდემიამ მათი გეგმები არა თუ გადაავადა ვალდებულების ნაწილში, არამედ დააჩქარა კიდეც.

BM.GE-სთან საუბრისას "აიღვინისსახლის" მფლობელი ამბობს, რომ მათმა პარტნიორმა უცხოელმა ინვესტორმა პანდემიიდან გამომდინარე არსებულ რთულ ვითარებაში სრულად დაფარა როგორც შესყიდვის ღირებულება, ასევე განახორციელა რეკონსტრუქციისთვის საჭირო ფინანსების მობილიზება, რაც ჯამში 8.5 მლნ ლარამდეა.

"ამ დროისთვის მიმდინარეობს არსებული შენობის კაპიტალური რეკონსტრუქცია, რაც დაახლოებით 3 თვის წინ დავიწყეთ. 

გახარჯულია დაახლოებით 8.5 მლნ ლარზე მეტი, რაც მოიცავს როგორც შესყიდვის, ასევე რეკონსტრუქციისთვის გათვლილ თანხებს. სახელმწიფოს მხრიდან იყო თხოვნა, რომ პანდემიის პირობებში განგვეხორციელებინა ინვესტიცია და სასტუმროს მოწყობითი სამუშაობი, ამიტომ არ გადავდეთ, თუმცა ვფიქრობდით, რომ ფორსმაჟორული მდგომარეობის გამო გადაგვედო პროცესი", - განაცხადა ბენო ქაშაკაშვილმა.

ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ ობიექტის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, 1 სამუშაო ადგილის შექმნაზე გაცილებით მეტ ინვესტიციას ახორციელებენ, ვიდრე ეს ჩვეულებრივი სასტუმროს შემთხვევაში იქნებოდა.

"ეს არის სრულიად უცხოური კაპიტალი, შემოსული დიდი ბრიტანეთიდან. რომელიც დღეს არსებული ინვესტიციით 20 ადამიანს სტაბილურად დაასაქმებს და ერთი სამუშაო ადგილის შექმნა 425 000 ლარი გვიჯდება. ასე ძვირი იმიტომ ჯდება, რომ ეს არ არის სასტუმროს სპეციფიკის მქონდე შენობა-ნაგებობა, 6 ნომერი კი არის, მაგრამ დაახლოებით 1 500 კვმ-ზეა განთავსებული. ჩვეულებრივ სასტუმროში 1 სამუშაო ადგილის შექმნისთვის დაახლოებით 100 000 ლარის ინვესტიციაა საჭირო.

ასევე აღნიშნავ, რომ სამშენებლო სამუშაობზე ამ ეტაპისთვის 18-22 ადამიანი მუშაობს, რეკონსტრუქციის პროცესში სრულად დასაქმებული მინიმუმ 50 ადამიანი იყო", - განმარტავს "აიღვინისსახლის" მფლობელი.

ბენო ქაშაკაშვილი სასტუმროს გახსნის ზუსტი თარიღის დასახელებისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ სასტუმრო წელს შემოდგომამდე ამოქმედდება.

"ვფიქრობ, რომ წელს სასტუმროს ავამოქმედებთ, უკიდურეს დროდ შემოდგომა შემიძლია დაგისახელოთ, როდესაც არსებული 6-ნომრიანი შენობა ნაგებობა ამოქმედდება, როგორც პრემიუმ სეგმენტზე გათვლილი სასტუმრო. განსხვავებული იქნება ის, რომ ასეთი კატეგორიის სასტუმრო მესტიაში არ იქნება.

სახელწოდებაზე მსჯელობა მიმდინარეობს, რამდენიმე ვარიანტს განვიხილავთ. ეს იქნება ალბათ "ვინოტელ რეზიდენსი", "ვინოტელ პალასი", ან "ვინოტელ მესტია", - უთხრა ბიზნესმენმა BM.GE-ის.

რაც შეეხება განვითარების გეგმებს, ბენო ქაშაკაშვილი აღნიშნავს, რომ ყველაფერი ეპიდემიოლოგიურ მდგომაროებაზეა დამოკიდებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები